მინისტრის განცხადება შესაძლოა, შეცდომაში შემყვანი იყოს, რადგანაც საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არათუ გაიზარდა, არამედ 35%-ით შემცირდა.
“ჩვენ ამასთანავე გვაქვს ზრდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. გასული წელი ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მთლიანობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა,”- განაცხადა მინისტრმა.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში $1.265 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 35%-ით ნაკლები იყო.
შემცირებას საქსტატი რამდენიმე ძირითადი მიზეზით, მათ შორის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის - შაჰ დენიზის მილსადენის მშენებლობის დასრულებით ხსნის.
წლების მიხედვით, 2018 წელს 2013 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი ინვესტიციების ნაკადი აღინიშნა. სრული სტატისტიკა ასეთია:
2018 წელი - $1.265 მილიარდი დოლარი;
2017 წელი - $1.962 მილიარდი დოლარი;
2016 წელი - $1.650 მილიარდი დოლარი;
2015 წელი - $1.729 მილიარდი დოლარი;
2014 წელი - $1.837 მილიარდი დოლარი;
2013 წელი - $1.039 მილიარდი დოლარი.
საქსტატის ინფორმაციით, ინვესტიციების კლება 2019 წელსაც შენარჩუნდა. წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში FDI $473 მილიონი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ $727 მილიონთან შედარებით 35%-ით ნაკლებია.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნული განცხადება ინგლისურ ენაზე გააკეთა, გთავაზობთ მის ინგლისურ ტრანსკრიპტს:
“We have also growth in foreign direct investments, actually the last year was one of the best years, amounting $1.3 billion in FDI", - ამბობს მინისტრი.
ცნობისთვის: 22-23 ოქტომბერს, საქართველოსპრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პატრონაჟით "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ტარდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა.




























