ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 1,076,500 ლარის ღირებულების სესხებია გაცემული.
სოფლის განვითარების სააგენტო „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით ახორციელებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა კი 5,000 ლარიდან 100,000 ლარის ჩათვლით არის განსაზღვრული.
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ, მოიყვანონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.
ცნობისთვის: პროექტით სარგებლობა საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ. (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). სესხები 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიცემა.




























