მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

45 000-ზე მეტი ფერმერი „თხილის სუბსიდიის“ მოლოდინში - რეგისტრაცია იანვრის ბოლომდეა

63c55ea7ebcbf
თელარა გელანტია
17.01.23 14:32
710
რამდენ ფერმერზე გადანაწილდება თხილის სუბსიდირების პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ₾20-მილიონი ლარი, თებერვლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

თხილის ბაღების კადასტრის შექმნისთვის ფერმერების რეგისტრაცია 31 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

სამთავრობო პროგრამა მიზნად ისახავს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას თხილის ბაღების მესაკუთრეებისა და მეწარმეთა წახალისების გზით და თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საშუალებების სუბსიდირებას. ამდენად, პროგრამის პირობის თანახმად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2 ჰა-დან 3 ჰა-მდე ფართობი საკუთრებაში ან სარგებლობაში აქვს, 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 500-ლარიან დახმარებას აგრობარათით ქულების სახით მიიღებს და თხილის მოვლისთვის საჭირო სხვადასხვა საქონლის შესასყიდად გამოიყენებს.

როგორც BMG-ს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა განუცხადა, თხილის კადასტრის 150 ოფიცრის დახმარებით, პროგრამაში მონაწილეობისთვის თხილის ბაღების კადასტრში უკვე რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი ფიზიკური პირი.

ნატალია ხარატიშვილმა ასევე განმარტა, როდიდან და როგორ გამოიყენებენ ფერმერები აგრობარათზე დარიცხულ თანხას, რომლითაც საჭირო ინვენტარის შეძენა შეეძლებათ.

„თხილის ბაღების კადასტრში უკვე რეგისტრირებული 45 000 ფიზიკური პირის ბაღების ფართობი 21 000 ჰექტარს აღემატება. შესაბამისი კალენდრის მიხედვით ვმოქმედებთ და იანვრის ბოლომდე ყველა რეგიონს მოვიცავთ. აღსანიშნია, რომ დიდი რაოდენობით ფერმერები დარეგისტრირებულები არიან სამეგრელოში; ასევე, მაღალია აქტივობა აჭარაში, გურიასა და კახეთში“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა და დასძინა, რომ თხილის კადასტრში რეგისტრაციისთვის ფიზიკურ პირებს ასევე შეუძლიათ, დარეკონ სოფლის განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე 15-01.

რაც შეეხება იმას, როდიდან შეძლებენ ფერმერები აგრობარათებზე დარიცხული ქულების განაღდებას, სოფლის განვითარების სააგენტოში BMG-ს უთხრეს, რომ თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შესაბამისი ქულები „ლიბერთი ბანკიის“ ბარათზე დაუჯდებათ.

„ფერმერები აგრქოულების განაღდებას სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ კონკრეტულ მაღაზიებში, 31 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები