მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ ჩავთვალეთ საჭიროდ, დაზღვევა სავალდებულო წელს გაგვეხადა“ - ნატალია ხარატიშვილი

642c4461cce1d
ნანუკა ნარიმანიძე
04.04.23 19:30
676
„ყველა ქვეყანაში, სადაც აგროდაზღვევა განვითარებულია, ნაწილობრივ სავალდებულო ან სრულად სავალდებულოა მოცემული დაზღვევა, თუმცა, არ ჩავთვალეთ საჭიროდ, წელს სავალდებულო გაგვეხადა, ვინაიდან ეს მოსავლის დაზღვევაა და მხოლოდ გარკვეულ მიმართულებას ფარავს“, - განმარტა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სადაზღვევო კომპანიებთან და ლოკალურ ფერმერებთან, რომლებსაც გარკვეული მოთხოვნები აქვთ.

„გვაქვს შეხვედრები სადაზღვევო კომპანიებთან და განვიხილავთ სამომავლოდ სავალდებულო მექანიზმის ამოქმედებას. პროდუქტად ჩამოყალიბებული ,ამჟამად, მხოლოდ მოსავლის დაზღვევა გვაქვს, თუმცა აგროდაზღვევაში არის სხვა მიმართულებებიც, რომლის განხილვის ინიციატივაც სადაზღვევო კომპანიებისგან და ფერმერებისგან წამოვიდა. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და განვიხილავთ ფერმერებისგან წამოსულ მოთხოვნებს “, - ამბობს ის.

ცნობისთვის: აგროდაზღვევა არის დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერებისთვის საქმიანობას პროგნოზირებადს ხდის. პროგრამა, 2014 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება. საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა. მევენახე ფერმერები ვაზის მოსავლის დაზღვევას 70%-იანი თანადაფინანსებით შეძლებენ. პროგრამაში ჩართული ყველა ფერმერი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰექტარი. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. 2014 წლიდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში, 65 ათას ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 150,700-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 140 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი; ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67 მლნ ლარზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები