მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია

624df24069b01
BM.GE
07.04.22 00:00
31383
ჟურნალმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი უკვე 36-ედ შეადგინა. დედამიწას ახლა უკვე 2668 აღიარებული მილიარდერი ჰყავს, 87-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. მილიარდერები ჯამში 12.7 ტრილიონი დოლარის ქონებას ფლობენ. 400 მილიონით ნაკლებს 2021 წელთან შედარებით.

უმდიდრესი ადამიანების სიაში მხოლოდ 2 ქართველია - ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ლომთაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რომელიც გასულ წელს პოლიტიკიდან უკვე მეორედ წავიდა და როგორც თავად ირწმუნება საბოლოოდ, Forbes-ის შეფასებით, 4.8 მილიარდის ქონებას ფლობს. ბიძინა ივანიშვილი მდიდრებს შორის 586-ე ადგილს სჯერდება, თუმცა როგორც ჩანს, მალე მის ქონებას 555 მილიონი შეემატება. ივანიშვილს ამ მოცულობით თანხას Credit Suisse გადაუხდის. The Wall Street Journal-ის ცნობით, სწორედ დაახლოებით, 555 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა ბერმუდის სასამართლომ შვეიცარიულ გიგანტ Credit Suisse-ს.

ბერმუდის უზენაესი სასამართლოს შეფასებით, შვეიცარიულმა კომერციულმა ბანკმა საშუალება მისცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირად ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, მილიარდერის ფულადი სახსრები არაგონივრულად ემართა და ამასთან, ნაწილი დაესაკუთრებინა კიდეც. საგულისხმოა, რომ Credit Suisse-ს აღნიშნული მოცულობის თანხა რეზერვში უკვე მობილიზებული აქვს.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც Forbes-ის საპატიო რეიტინგშია მიხეილ ლომთაძეა. ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში გამდიდრებულ, Kaspi-ს დამფუძნებელს ჯერ მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარი აქვს და სიაშიც 1579-ე ადგილზეა. ბოლო 1 წელიწადში ლომთაძის ქონება 1.3 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2020 წლის ნოემბერში გავიდა და მაშინ ბანკის ერთი აქცია 41.5 დოლარი ღირდა. ბანკის აქციების მაქსიმალური ღირებულება 2021 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც ის 141.6 დოლარი ღირდა, თუმცა ჯერ ყაზახეთში არსებული კრიზისის, შემდეგ კი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, ბანკის აქციების საფასური შემცირდა და ახლა 47.5 დოლარად ივაჭრება.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის სიაში ილონ მასკი ლიდერობს - 219 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელიც 171 მილიარდს ფლობს. მესამე ადგილს იკავებს ბერნარ არნო. LVMH-ის დამფუძნებელს 153 მილიარდის ქონება აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები