საქართველოდან რუსეთში ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გასული ავტომობილების რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაორმაგდა და 1 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული გამოცემები ჩრდილო კავკასიის საბაჟო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათი ცნობით, 10 მარტის 06:00 საათის მონაცემებით რუსეთში საქართველოდან გასვლისას 1 788 მსუბუქი ავტომობილი დარეგისტრირდა, რუსეთიდან კი 824 ავტომობილი. ამასთან, ლარსის გამშვებ პუნქტზე ორივე მიმართულებიდან რიგები არ არის.
ჩრდილო ოსეთის კავკასიის საბაჟო სამმართველოს 9 მარტის 6:00 საათის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში 993 ავტომობილი გავიდა, 969 კი შემოვიდა.
აღსანიშნია, რომ საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ საქართველოს სამხედრო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრობა 9 მარტს აღდგა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველოს ტერიტორიაზე უამინდობის გამო 5 მარტიდან მოქმედებდა.