სომხური ბრენდის "არარატის" კონიაკით დატვირთული სატვირთოები, რუსული მხარის მოთხოვნების გამო უკვე დაახლოებით ერთი თვეა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არიან გაჩერებულები - ამის შესახებ სატვირთოების მძღოლებმა გამოცემა shamshyan.com-თან საუბარში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში საკვებისა და საწვავის შესაძენად განკუთვნილი თანხა დაეხარჯათ და ახლა გამოუვალ მდგომარეობაში არიან. კომპანია "არარატის" პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ საუბარია დაახლოებით 20-მდე სატვირთოზე.
„მინდა ვთქვა, რომ კონიაკის შემადგენლობაში არაფერი შეცვლილა, ანუ ეს არის ისევ ის კონიაკი, რომელიც ერთი თვის წინ ექსპორტზე შეუფერხებლად გაგვქონდა, თუმცა ამჟამად რუსულ მხარეს კითხვები გაუჩნდა, აიღეს ნიმუშები და ექსპერტიზაზე გააგზავნეს. ახლა ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით“, - განუცხადა სომხურ გამოცემა NEWS.am-ს ერევნის „არარატის“ ქარხნის პრესმდივანმა ინგა გალუსტიანმა.
მან აღნიშნა, რომ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ მიიღეს ნიმუშების აღების გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც მანამდე სასმელის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონიათ, რუსული მხარის კომპეტენციაში შედის.
„მძღოლებმა ასევე წამოჭრეს ანაზღაურების საკითხი. მინდა აღვნიშნო, რომ გადამზიდველებთან ჩვენი ურთიერთობები სახელშეკრულებო ხასიათისაა და ეს საკითხები ჩვენს კომპეტენციას სცილდება“, — დაასკვნა პრესმდივანმა.
ცნობისთვის, კონიაკის მწარმოებელი სომხური კომპანიები რუსეთში ექსპორტს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასულ წელსაც შეფერხებით ახორციელებდნენ, მაშინ მიზეზი საქართველოს მხარის მხრიდან შემოწმების პროცედურები იყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სომხეთში კონიაკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების პროტესტის საპასუხოდ აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის პროცედურები სტანდარტულად მიმდინარეობს.
























