მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ID Vision - შპალერის მწარმოებელი ქართული კომპანიის გეგმები

639b212ff2ee8
ვიქტორია მღებრიშვილი
18.12.22 12:40
1045
ID Vision-ი ქართული კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან შპალერს, ფარდებს, ბალიშებს, ხალიჩებს, ლოგინის თავებს და მაგიდის გასაწყობ აქსესუარებს აწარმოებს და დღეისთვის მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს.

თბილისში მდებარე მცირე წარმოებას თვეში 2 000 კვ/მ-მდე შპალერის და ამავე რაოდენობის სხვა ქსოვილებზე ბეჭდვის რესურსი აქვს, შეკვეთების რაოდენობის მიხედვით კი, 5-დან 15 ადამიანამდე ასაქმებს. კომპანიის დამფუძნებელი სალომე მამრიკიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ წარმოება 2 წლის წინ მინიმალური ინვესტიციით დაიწყო, მომდევნო პერიოდში კი ფინანსური რესურსების რეინვესტირებას ახდენდნენ.

„წარმოების ამოქმედებიდან ჩვენმა პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ჩემთვის და კომპანიის არსებობისთვის მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ბაზარზე დამკვიდრება ბუნებრივად მოხდა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის. ვთვლით, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა ბიზნესსაქმიანობის წარმატებას განსაზღვრავს და პოზიციების გამყარებაც პროდუქციის რეალიზებაზეა დამოკიდებული. ჩვენ პროდუქტს მასიურად ვერ ვაწარმოებთ, აქედან გამომდინარე, ალბათ ბაზრის ძალიან მცირე ნაწილს მოვიცავთ, თუმცა ამაში ვხედავთ ჩვენს უნიკალურობასაც, რამეთუ ყველა შეკვეთას და პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით“, - ამბობს სალომე მამრიკიშვილი.



დღეს, ID Vision-ის ქართული წარმოების შპალერი კომპანიის ინსტაგრამზე და რამდენიმე მაღაზიაში იყიდება, როგორიცაა Livin, Concept Area და Stamba book Store.

„ვფიქრობ, ჩვენი პროდუქცია ხარისხიდან გამომდინარე მაღალ ან საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. დღეს შპალერის ღირებულება 75 ლარიდან 115 ლარამდეა. მასალის დანაკარგების შესამცირებლად ყველა შეკვეთას ინდივიდუალურად ვუდგებით“, - აღნიშნა მეწარმემ.

სალომე მამრიკიშვილი ამბობს, რომ მათ მიერ ნაწარმოები შპალერის მიმართ ინტერესი უცხოეთიდან, კონკრეტულად კი ამერიკიდან არის, თუმცა ექსპორტს დღეს არ ახორციელებენ. კომპანიაში ამ ეტაპზე ვებგვერდზე მუშაობენ, რომელიც დამფუძნებლის თქმით, 2023 წელს ამოქმედდება და შპალერის უცხოეთში გაყიდვას შეუწყობს ხელს. გეგმებზე საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ID VISION-ი შპალერის ახალ დიზაინებს შექმნის და პორტფოლიოს დაამატებს.

„ამ ეტაპზე ორი ყვავილოვანი და არქიტექტურული კოლექცია გვაქვს. ვგეგმავთ დავამატოთ საბავშვო კოლექცია და ტრადიციულ მოტივებზე აგებული პატერნები ასევე ეტაპობრივად დაგვემატება ინტერიერის სხვადასხვა პროდუქცია, ხალიჩები, სანათები და ავეჯი“, - აღნიშნა მამრიკიშვილმა.


გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები