მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ბეიქერსი": ამ კვირაში სავარაუდოდ, დავიწყებთ ფასების გადახედვას

5e7a196104bda
ელენე გოგბერაშვილი
24.03.20 23:15
2334
ლარის გაუფასურების გამო რთულ მდგომარებაში არამარტო სადისტრიბუციო ბიზნესი აღმოჩნდა, არამედ მძიმე პირობებში უწევთ ოპერირება ადგილობრივ მწარმოებლებსაც, რომლებიც იმპორტირებულ ნედლეულს მოიხმარენ. „ჯორჯიან ბეიქერსის“ ხელმღვანელის მიშა ფარულავას განმარტებით, ბოლო პერიოდში ფქვილის ფასი 10%-ით, შაქრის კი 70-80%-მდე გაიზარდა. ამ და სხვა პროდუქტებზე გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, ისინიც სხვების მსგავსად ფასების კორექტირებისთვის ემზადებიან.

„ჩვენ ადგილობრივი წარმოება ვართ, იმ სასიცოცხლო პროდუქტზე, რომელზეც ფასებია შენარჩუნებული, ვქმნით ნაწარმს. უბრალოდ პრობლემაა იმაში, რომ გარდა შაქრისა და ფქვილისა, უამრავი სხვა ნედლეულია, მასალებია, მანქანა- დანადგარების ნაწილებია, საწვავი და იჯარაა, ამ ყველაფერს რას ვუშვებით? დღეს უკვე 3,5 კურსის პირობებში 20%-იანი ზრდაა, ამას აღარ ჰქვია ნორმანული სიტუაცია.

არ ვიცი ჩვენი კოლეგები როგორ აპირებენ ფასების შენარჩუნებას, მაგრამ ჩვენ იმპორტირებული პროდუქციაც გვაქვს, ამ კვირაში სავარაუდოდ, დავიწყებთ ფასებზე მუშაობას, რომ გადავხედოთ, რადგან შეუძლებელია ასეთ პირობებში ოპერირება.

ამასთან არის მოლოდინი, რომ ამ პროცესში ეროვნული ბანკი ჩაერევა. ამას წინათ საუბარი იყო, რომ ჯერ ფასები არ გაზრდილა, რას უყურებენ? ის ხომ ამ ქვეყნის ინსტიტუციაა, რომელმაც პირდაპირ ფესებში უნდა უყუროს, რა ხდება და შემდგომი გაძვირება არ გამოიწვიოს და არა უკვე გაძვირებულ პროდუქციაზე ინტერვენცია აკეთოს. მე ვერ ვხდები რატომ არის ასეთი დისკოორდინაცია და რა გახდა ეს ეროვნული ბანკი, რომ არ იმუშაოს გაიდლაინებით, უყუროს რეალურ ეკონომიკას და აკეთოს სავალუტო ინტერვენცია, რომ ასეთი პანიკური სიტუაცია არ იყოს“, -აცხადებს მიშა ფარულავა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ახალი გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.4494 ლარს შეადგენს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 21 თეთრით მეტია. ევროსთან მიმართებით კი, ცვლილება 28 თეთრს შეადგენს, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 3.7436 ლარი გახდა.

ლარის პიკური გაუფასურების შესარბილებლად, ხვალ ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის, რაც წელს სებ-ის მხრიდან უკვე მესამე სავალუტო ინტერვენცია იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები