მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებში ვირუსის მასობრივი გავრცელებაა - ირაკლი გამყრელიძე

620113400a273
ელენე გოგბერაშვილი
08.02.22 10:10
699
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი კრიტიკულად იზრდება. სადაზღვევო კომპანიებმა უკვე განაცხადეს, რომ ოჯახის ექიმები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, თუმცა საკმაოდ რთული ვითარებაა თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პროპორციულად იმატებს ინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალშიც და კლინიკებში მასობრივ გავრცელებასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ისინი ეთიშებიან სამკურნალო პროცესს. როგორც კოვიდკლინიკა "ქიდს ქო"-ს ხელმძღვანელი BM.GE-სთან აცხადებს, განსაკუთრებით რთული ვითარება იმ კლინიკებშია, სადაც არაკოვიდპაციენტები იმართება და ინფიცირებული პერსონალის სამუშაო პროცესში ჩართულობა ვერ ხერხდება.

„სურათი მარტივი არ არის, როგორც მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა მოსახლეობაში, იმავე პროპორციით იმატებს ინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალშიც, თუმცა ვფიქრობ, ეს არ არის განპირობებული იმით, რომ აცრის მაჩვენებელი დაბალია სამედიცინო პერსონალის მხრივ. დღევანდელ სიტუაციაში ამის მიზეზია მასობრივი გავრცელება და ასევე ვიცით, რომ სამედიცინო პერსონალი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან აქვს ავადმყოფთან კავშირი. შესაბამისად, იმატებს ინფიცირების მაჩვენებელი როგორც კოვიდკლინიკებში, ისე კოვიდკლინიკებს გარეთ. ასევე მომატებულია ინფიცირების მაჩვენებელი ზოგად პოპულაციაში და ეს არის ძირითადი მიზეზი.

ძალიან რთული მდგომარეობაა რეალურად და ძალიან ბევრ კლინიკაში მასობრივ გავრცელებას აქვს ადგილი. ეს პერსონალის დეფიციტს იწვევს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ასევე პრობლემებს ქმნის სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც კოვიდ პაციენტებს არ მკურნალობენ. მაგალითად კოვიდის გამო სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთიშება სამკურნალო პროცესს, ესენი არიან ქირურგები, კარდიოქირურგიული ცენტრები, სამშობიაროები. მაქსიმალურად ვცდილობთ სარეზერვო კადრებით და ახალი კადრებით შევავსოთ პერსონალი, თუმცა ზოგადი მდგომარეობა მაინც რთულია.

როცა ვსაუბრობთ სამედიცინო პერსონალის ინფიცირებაზე, დაავადების მიმდინარეობის მიუხედავად ინფიცირებული პერსონალი წყდება სამუშაო პროცესს. სიმპტომების არსებობა და დადასტურება ავტომატურად თიშავს სამუშაო პროცესიდან, თუკი კოვიდ-კლინიკაში კიდევ შესაძლებელია ინფიცირებულმა პერსონალმა, რომელიც უსიმპტომოა და მას შეუძლია მუშაობა, სპეციალური შეთანხმების გზით გააგრძელოს კოვიდ პაციენტების მართვა, ჩვეულებრივ კლინიკებში ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მაღალი რისკი იქმნება პაციენტებისთვის, რომლებიც არ არიან ინფიცირებულები, რომ ინფიცირებული პერსონალი მოემსახუროს. აქედან გამომდინარე პრობლემატიკა მწვავე არის იმ დაწესებულებებში, სადაც არაკოვიდპაციენტები იმართებიან, ვიდრე კოვიდ კლინიკებში“-აცხადებს ირაკლი გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1 იანვრის მდგომარეობით კოვიდით დაავადებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკების წილობრივი მაჩვენებელი 3.8%-ია. NCDC-ის ბოლო ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ 143 პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობდა, კოვიდით განპირობებული მიზეზით გარდაიცვალა.

აღსანიშნია ისიც, რომ ჯერ კიდევ დიდია ჯანდაცვის მუშაკთა რაოდენობა, რომლებსაც არათუ ბუსტერ დოზა აქვთ გაკეთებული, არამედ ორჯერადადაც კი არ არინ აცრილები.

NCDC-ის სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ქვეყნის მასშტაბით არსებული 22 713 ექიმიდან 18 320 ანუ (80,7%) ვაქცინირებული; 22 376 ექთნიდან კი ვაქცინა ორჯერადად გაკეთებული აქვს 14 244 პირს ანუ (63,7%)-ს, ხოლო 5902 სანიტრიდან სრულად ვაქცინირებულია 3151, რაც საერთო რაოდენობის (53,4%-ია).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები