მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობერიძე პარლემენტს მიმართავს ევროპაში სამუშაოდ წამსველელ სტუდენტებს ეკონომიკის სამინისტროსთან უშუამდგომლოს

5f082b742043d
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.20 13:00
2157
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ევროპაში, ზაფხულში სამუშაოდ წასვლის მსურველი სტუდენტების პრობლემატური საკითხი დასვა და აღნიშნა, რომ მთავრობის არათანმიდევრული გადაწყვეტილებების გამო საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ.

„კარგი იქნება ამ დაძაბულობაში და დაჩქარებული კანონპროექტების ალიაქოთში არ დაგვავიწყდება, რომ კონკრეტულ ადამიანებს გარკვეული პრობლემები ექმნებათ მთავრობის არათანმიმდევრული ქმედებებით. კერძოდ, მე მინდა შევეხო საკითხს - რა პრობლემის წინაშე დგანან სტუდენტები, რომლებიც საზაფხულო პერიოდში ტრადიციულად გადიან ხოლმე ევროკავშირის ქვეყნებში, იქ თავისი შრომით გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ და ისევ ქვეყანაში შემოაქვთ და ძირითადად თავისი სწავლების თანხას იხდიან.

შესაბამისად, როდესაც მთავრობამ განაცხადი გააკეთა, რომ ევროპის 5 ქვეყნისთვის გახსნილი იყო ფრენები და მათ შორის არის გერმანია, სადაც სტუდენტები მიდიან ხოლმე სამუშაოდ, მათ პოზიტიურ ინფორმაციად მიიღეს ეს ამბავი, მაგრამ რეალობა აღმოჩნდა შემდეგი, რომ სიტყვა სიტყვად რჩება და საქმე დაშორებულია სიტყვას. დეკლარირებულია, რომ გახსნილია მიმოსვლა გერმანიასთან, მაშინ როდესაც არც ერთ ავიკომპანიას რეგულარული რეისი არ აქვს და არც ჩარტერულია დადგენილი და ამოქმედებული. იმ ქვეყნებში სადაც არის ჩარტერი, მაგალითად ჰოლანდიაში სტუდენტები ამ ქვეყანაში ვერ მიდიან და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქეები შეძლებენ იქ სამუშაო ვიზიტით ჩასვლას და იქიდან სხვა ქვეყანაში გადასვლას“, - განაცხადა დეპუტატმა.

ლევან კობერიძემ კომიტეტს და მის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, რომ უშუამდგომლონ ამ სტუდენტებს ეკონომიკის სამინისტროსთან იმისთვის, რომ მოიძებნოს მათი პრობლემის გადაჭრის გზები.

„მე მოგმართავთ ეკონომიკის კომიტეტს, ჩემს კოლეგებს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან გამოინახოს სასწრაფო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ გამოინახოს გზა, რომ ის სტუდენტები ... თუ ჩარტერით ჩამოვიყვანეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეები Covid-19-ის დროს და ამას სიამაყით ვამბობთ. ეს სტუდენტების ჯგუფი არის ძალიან კომპაქტური, ერთმანეთთან ძალიან კარგი კომუნიკაციით, თვითორგანიზებული და შეუძლიათ, რომ ძალიან ოპერტიულად მოგაწოდონ ინფორმაცია მათ საჭიროებებთან დაკავშირებით. ან კომიტეტი შეხვდეს ამ სტუდენტებს და იქნებ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად რაღაც გადაწყვეტილება იყოს გამოძებნილი. მინდა კომიტეტის თანხმობა და მე შემიძლია ორგანიზება გავეკთო, რომ სტუდენტების ეს ჯგუფი მოვიდეს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიამ კი ლევან კობერიძეს სთოვა მოხდეს ოფიციალური მომართვა სტუდენტების მხრიდან და ამის შემდეგ კომიტეტი ეკონომიკის სამინისტროსთან დაკავშირების პროცესში ჩაერთვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები