მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Manavi Wine-ის ღვინოები ექსპორტზე ისლანდიაში გავიდა - „ჩვენთვის ეს პირველი საექსპორტო ქვეყანაა“

64539f5655078
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.23 19:45
806
Manavi Wine-ის ღვინოები ექსპორტზე ისლანდიაში გაიგზავნა - ამის შესახებ მეღვინეობის დამფუძნებელმა გიორგი აივაზიანმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

უნდა აღინიშნოს, რომ ისლანდია ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით არც თუ ისე პოპულარული მიმართულებაა და თუ სტატისტიკას შევხედავთ, ამ მიმართულებით ყურძნის ნატურალური ღვინოების რეალიზების, მინიმალური, უმნიშვნელო მაჩვენებლები 2021 წლიდან ფიქსირდება. 2022 წელს კი ისლანდიაში სულ 14.7 ათასი დოლარის 1 ტონაზე მეტი ღვინო იყო ექსპორტირებული.

Manavi Wines-ის დამფუძნებელი გიორგი აივაზიანი BM.GE-ისთან აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ისლანდია პირველი საექსპორტო ბაზარია და მასზე დიდი იმედები კეთდება.

„2 წლის წინ დავაარსე კომპანია მანავში, რომელიც ნატურალურ ღვინოს აწარმოებს. დღემდე ჩვენი ნატურალური ღვინო, რომელიც მანავის მიკროზონაში მოყვანილი ყურძნისგან იწურება, საქართველოში ისეთი ღვინის მაღაზიებში იყიდება, როგორიცაა GVino-ში, CoffeLab-ში, ბარ Underground-ში იყიდებოდა.

„რამდენიმე წლის წინ რეიკიავიკიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი GVino-ს სტუმრობდა, სადაც ჩვენი ღვინოები დააგემოვნეს. ქალბატონი ქართველი აღმოჩნდა, კაცი კი პოლონელი. მათ მარტივად მოიძიეს ჩემი საკონტაქტო და ისლანდიაში, კერძოდ რეიკიავიკში ღვინის გატანის სურვილი გამოთქვეს. ასე დაიწყო ეს ისტორია და ასე გახდა Manavi Wine-ისთვის პირველი საექსპორტო ბაზარი, რაც გვახარებს, რადგან ისლანდია ქართული ღვინის ექსპორტის არც ისე პოპულარული მიმართულებაა და მოგვეცა შესაძლებლობა მისი ათვისება დაგვეწყო. დარწმუნებული ვარ ისლანდიიდან ჩვენს ღვინოზე სტაბილური მოთხოვნა იქნება“, - ამბობს გიორგი აივაზიანი.

Manavi Wines-ის ღვინის პირველი პარტია ისლანდიაში 1000-მდე ბოთლის მოცულობით გაიგზავნა და ადგილზე 1 თვეში ჩავა. მეღვინეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქართული ნატურალური ღვინო რეიკიავიკში ღვინის მაღაზიებსა და ბარებში გაიყიდება.

„5 სხვადასხვა სახეობის ღვინო გავიდა, აქედან 2 სახეობა ევროპული წესით დაყენებული, 2 თეთრი კახური ტრადიციული და ერთი საფერავი“, - აღნიშნა მეღვინემ.

ცნობისთვის: მეღვინეობა Manavi Wines 2 წლის წინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ამოქმედდა და გასულ 2022 წელს 10 000 ბოთლი ნატურალური ღვინო აწარმოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები