სწრაფი კვების ქსელ McDonald's პლასტმასის შეფუთვების შემცირება სურს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ევროპულ ფილიალებში მომავალი წლიდან ნაყინ McFlurry-ს პლასტმასის სახურავისა და კოვზის გარეშე გაყიდიან. გარდა ამისა, როგორც კონცერნში განმარტავენ, 2025 წლისთვის მსგავსი ცვლილებები ევროპის გარეთაც აქტიურად განხორციელდება.
ევროკავშირის რეგლამენტის თანახმად, ამერიკულმა სწრაფი კვების ობიექტმა 2021 წლისთვის პლასტმასის პროდუქციის გამოყენებაზე მთლიანად უარი უნდა განაცხადოს. კომპანიამ უნდა გააუქმოს პლასტმასის ჩხირები, ჭიქები, ჩასადებები და ა.შ. მათ ნაცვლად კი McDonald's-ი მომხმარებლებს ქაღალდისა და სხვა ალტერნატიული მასალით დამზადებულ პროდუქციას შესთავაზებს.
როგორც სწრაფი კვების ობიექტი ვარაუდობს, ამ გზით, წელიწადში დაახლოებით 1000 ტონა პლასტმასის დაზოგვას მოახდენენ. ცნობისათვის, McDonald's-ს მსოფლიოს მასშტაბით 37,000 ობიექტი აქვს.