მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Big Mac-ის ინდექსი - სად ღირს ბურგერი ყველაზე ძვირი/იაფი და სად არის საქართველო

649409d2b815b
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.23 00:00
4642
The Economist-მა ბიგ მაკის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით McDonald’s-ის საფირმო ბურგერი ყველაზე ძვირად შვეიცარიაში ფასობს, სადაც მისი ღირებულება 6.5 შვეიცარიული ფრანკის ტოლია, რაც 35%-ით აღემატება აშშ-ის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ გამოთვლის მეთოდში საბაზო ვალუტად ამერიკული დოლარი და აშშ-ის მიმდინარე ფასები განიხილება, სადაც ერთი ბიგ მაკის ფასი 5.15 დოლარს შეადგენს.

წელს ბიგ მაკის შეძენა ყველაზე იაფად ეგვიპტეშია შესაძლებელი, სადაც ბურგერის ფასი აშშ-ის მაჩვენებელთან შედარებით 65.6%-ით ნაკლებია.

ბურგერზე განსაკუთრებით დაბალი ფასები ფიქსირდება რუმინეთში (-49.2%); ინდოეთში (-52.7%); უკრაინასა (-53.5%) და ინდონეზიაში (-56.1%).

რაც შეეხება მაღალ ფასებს, შვეიცარიის (+35%) შემდეგ ურუგვაი (+27.8%); ნორვეგია (+22.9%); შვედეთი (+4.8%) და დანია (+0.9%) მოდის.

Big Mac-ის ინდექსი ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის განმსაზღვრელი გამარტივებული მოდელია, რომელიც მხოლოდ ერთი პროდუქტის - ბიგ მაკის ფასს ითვალისწინებს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტზე (PPP) დაფუძნებულ ინდექსს The Economist 1986 წლიდან აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას ადარებს ბურგერის ფასს. ამ მეთოდით ბურგერი ყველაზე ძვირად ურუგვაიში (+52.7%); შვეიცარიასა (+37%) და ნორვეგიაში (+23.6%) იყიდება; ხოლო ყველაზე იაფად ბიგ მაკის შეძენა ჰონგ-კონგში (-53.1%); ტაივანსა (-53.8%) და ეგვიპტეში (57.6%) არის შესაძლებელი.

საგულისხმოა, რომ The Economist-ის 2023 წლის ინდექსი საქართველოს, სომხეთს, რუსეთსა და რუსეთს არ ითვალისწინებს - ეს უკანასკნელი მაკდონალდსმა 2022 წელს დატოვა.

საქართველოში ამჟამად ბიგ მაგის ფასი 14.55 ლარს შეადგენს, რაც 5.55 დოლარის ექვივალენტია; შესაბამისად, ადგილობრივი ფასი ამერიკულთან შედარებით 7.18%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები