მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებ სამშენებლო კომპანიებს მეტი აქტიურობისკენ - კალაძე ავარიული კორპუსების ჩანაცვლებაზე

63340d81cfa7c
ინგა მურუსიძე
28.09.22 13:00
526
თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს სთხოვს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის მიმართ უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინონ. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პირველი საპილოტე პროექტი შედგა, ტენდერი ჩატარებულია და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა.

„ორი კვირის წინ მთავრობის სხდომაზე განვაცხადეთ, რომ პირველი საპილოტე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროგრამა შედგა, ჩატარდა ტენდერი და გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე დაიდო. ერთი თვის განმავლობაში მოხდება ავარიული კორპუსის დემონტაჟი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დასრულდება ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას გარემონტებულ ბინებს გადავცემთ. ამ ეტაპზე, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტის ხარჯზე, ქირით გვყავს გაყვანილი“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი დამატებით 25-მდე ავარიული შენობის ჩანაცვლების პროექტს განიხილავს.

„მინდა, მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს მეტი აქტიურობისკენ. როგორც იცით, მუნიციპალიტეტი ამ სამუშაოებს ერთჯერადად არ ახორციელებს, ეს არის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება. მინდა, მოვუწოდო ყველას უფრო მეტი ინტერესისა და ჩართულობისკენ. ასევე, მინდა, დავავალო ვიცე-მერს, თუ ვინმეს აქვს დამატებითი კითხვები აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, შეხვდეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. გვაქვს სურვილი, რომ მათ მეტად გამოხატონ ინტერესი პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ ეს ახალი პროდუქტია, მაგრამ ჩვენ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სამშენებლო სექტორთან, უშუალოდ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვატარებთ შეხვედრებს, რათა მათ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და ინტერესი მაღალი იყოს. ამ ეტაპზე, ერთი პროექტი გამოვიტანეთ და ტენდერი შედგა, თუმცა, მომდევნო ეტაპზე, როდესაც მასიურად დაიწყება პროექტების განხორციელება, საჭიროა უფრო მეტი სამშენებლო კომპანია. ამიტომ, ვთხოვთ სამშენებლო სექტორს, უფრო მეტი ჩართულობა გამოიჩინონ, რადგან უმნიშვნელოვანესი პროექტია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები