მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორგანიზაციების ნაწილი შრომის უსაფრთხოების კომპანიების და სპეციალისტების რეგულირებას ითხოვს

648c7b95337c2
ელენე გოგბერაშვილი
16.06.23 23:55
1130
ორგანიზაციების ნაწილი ბაზარზე შრომის უსაფრთხოების კომპანიების და სპეციალისტების რეგულირებას ითხოვს. როგორც ცნობილია, „შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი“ 2019 წლის სექტემბრიდან ავალდებულებს ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას 1 ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ჰყავდეს.

დღეს ბაზარზე არსებობენ შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციები, მომსახურე კომპანიები, ასევე არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც როგორც ე.წ ფრილანსერები ისე ემსახურებიან კომპანიებს. შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ რეალურად ბაზარზე გაჩნდნენ კომპანიები და პირები, რომელთა მომსახურების ხარისხი კითხვებს აჩენს. ამ სფეროს სჭირდება რეგულირება და კომპანიებს იმედი აქვთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის დაანონსებული ინიციატივა - შექმნას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების რეესტრი, ამ მხრივ კონტროლის მექანიზმად იქნება გამოყენებული.

„თუ ეს ინიციატივა მიზნად ისახავს შრომის უსაფრთხოების მომსახურების ხარისხი ამაღლდეს, მაშინ კარგი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს. სამწუხაროდ, ბაზარზე გამოჩნდნენ ისეთი სპეციალისტები და ისეთი შრომის უსაფრთხოების კომპანიები, რომლებიც მიზერულ თანხებში ახდენენ შრომის უსაფრთხოების მომსახურებას, ფაქტობრივად ისეთ თანხებში, რომ იმ ვიზიტებსაც ვერ განახორციელებენ, რომელიც საჭიროა შრომის უსაფრთხოების აღსრულებისთვის. თუ შესაბამისი რეესტრის შექმნა ამ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, მივესალმებით.

დღეს არ არსებობს რამე მოთხოვნა, რამდენი სპეციალისტი უნდა მუშაობდეს რამდენ ორგანიზაციაში. რამდენ ორგანიზაციას უნდა მოემსახუროს. ამის რეგულაციაში ჩადება სწორი არ იქნება, უბრალოდ უნდა გაკონტროლდეს მომსახურების ხარისხი. ამის ერთ-ერთი კარგი მექანიზმია ვიცოდეთ, სად მუშაობენ ისინი და ეს რეესტრი არსებობდეს. არეაკეთილსინდისიერი კომპანიების დასარეგულირებლად ეს იქნებოდა კარგი“,-აცხადებს თორნიკე თოდრია, შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის პრეზიდენტი.

პრობლემა ნაცნობია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ასოციაციისთვისაც. როგორც ჩანს კვალიფიკაციის ნაკლებობა მხოლოდ ცალკე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის არ არის დამახასიათებელი და ეს იკვეთება მათ შორის ამ სერვისის მიმწოდებელი კომპანიების მხრიდანაც.

„არაერთი ორგანიზაცია მიმართავს საკონსულტაციო კომპანიას ცუდი გამოცდილების შემდეგ, მაგალითად შრომის ინსპექციის სამსახურმა გარკვეულ აქტივობებში ხარვეზები აღმოაჩინა, არ არის კმაყოფილი და სთხოვს უკვე სხვა ორგანიზაცია ჩაერთოს სპეციალისტის ნაცვლად, მაგალითად მათი შიდა კადრის ნაცვლად საქმიანობაში.

ხშირად არის შემთხვევები პირიქითაც, როდესაც ორგანიზაცია უწევდა გარე მომსახურებას რომელიმე კომპანიას და ისინი გარკვეული მიზეზებით არ არიან კმაყოფილი და ურჩევნიათ შიდა, საკუთარი თანამშრომელი ჰყავდეთ, რომელიც სრული დატვირთვით ჩართული იქნება ყოველდღიურ პროცესებში.

ამას პროპორციულად უნდა მიჰყვეს ინსპექტირებების რაოდენობის ზრდა, რომ თუნდაც ხარისხის თვალსაზრისით დამსაქმებელიც იყოს დარწმუნებული, რომ კომპანიას თუ კონკრეტულ სპეციალისტს აქვს კარგი გამოცდილება თუნდაც შრომის ინსპექციასთან ურთიერთობის და იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მისი ჩადებული რესურსი, ხარჯები, დრო, იხარჯება მიზნობრივად“,-აცხადებს ნუცა ბასილაშვილი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ასოციაციის წევრი.

შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით 3000-მდე აქტიური შრომის უსაფრთხოების სპეციალისტია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აკრედიტირებული პროგრამა კიდევ უფრო მეტი ძალებით უნდა გაგრძელდეს, მითუმეტეს, როცა ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით კიდევ არაერთი რეგლამენტის მიღება დასჭირდება, მოთხოვნა კვალიფიციურ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებზე კიდევ უფრო გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები