მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის და ბიზნესის რეგულირების ხარისხი იზრდება - გიორგი ხიშტოვანი

6413322cd0a16
ელენე გოგბერაშვილი
16.03.23 20:30
730
ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა. გავლენიანი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის მიერ "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ინდექსის მიხედვით, ეკონომიკის თავისუფლებით, საქართველო 68.7 ქულით მსოფლიო რეიტინგში 176 ქვეყანას შორის 35-ე ადგილზეა. შეიცვალა საქართველოს სტატუსიც. ჩვენმა ქვეყანამ მეტწილად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფიდან ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.

ყველაზე მეტად, 24.1 პუნქტით, საქართველოს ქულა ფისკალურ სტაბილურობაში შემცირდა, რაც პანდემიის გამო გაზრდილმა ბიუჯეტის ხარჯებმა, ბიუჯეტის დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა განაპირობა. 9.5 პუნქტით გაუარესდა საკუთრების უფლების დაცვის მიმართულება. 4.3 პუნქტით გაუარესდა ბიზნესის თავისუფლების ქულა, რაც რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება.
ინფლაციის დონესთან და კორუფციის მაჩვენებელთან ერთად სწორედ რეგულაციის მაღალი დონე მიაჩნია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად PMC-ის ხელმძღვანელს.

„ის გარემოება, რომ ერთ დროს მეშვიდე ადგილზე ვიყავით მსოფლიოში, ათეულში და ახლა ვართ 35-ე ადგილზე, შემაშფოთებელი დინამიკაა და ტრაექტორიაა განვითარების...

ვხედავთ, რომ ეკონომიკის და ბიზნესის რეგულირების ხარისხი იზრდება, ხშირ შემთხვევაში ეს ბრალდება ევროინტეგრაციის პროცესს, ასოცირების ხელშეკრულებას, ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით, უსამართლოდ ბრალდება. ამ ყველაფრის საბოლოო შედეგია ის გარემოება, რომ რეგულაციის დონით ქვეყანა უკვე აღარ არის თავისუფალი ეკონომიკა, რეგულირებული ეკონომიკაა და არის რისკი, რომ ზედმეტად რეგულირებული ეკონომიკა გახდეს. ზედმეტი რეგულაციები ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ბიზნესის კეთების სირთულეს.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიკითხოთ რეგულაციების აღსრულების უნარების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან. ერთია, რეგულაცია, მეორეა მოახდინო მისი ეფექტიანი აღსრულება და აქაც საკმაოდ მოიკოჭლებს საჯარო ადმინისტრირების ხარისხი და მითუმეტეს ამ რეგულირების ზრდის პირობებში აღსრულების სირთულეები თავისთავად ზრდის კორუფციულ რისკებს“,-აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

თუ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პოზიციებს გადავხედავთ, რეიტინგში საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციას ანუ მე-7 ადგილს – 2017 წელს იკავებდა. 35-ე ადგილზე ქვემოთ კი ბოლოს 2004 წელს იყო.

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილზეა სინგაპური 83.9 ქულით, რომლის ქულა ბოლო წელს 0.5-ით შემცირდა, მაგრამ მაინც პირველი ადგილი შეინარჩუნა. რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩრდილოეთი კორეაა 2.9 ქულით, ანუ ამ ქვეყანაში ეკონომიკა ყველაზე არათავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები