მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს შრომის ბაზარზე სტაგნაციაა - გიორგი ხიშტოვანი

დასაქმება

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, საქართველოს შრომის ბაზარზე სტაგნაციის ტენდენცია ფიქსირდება. მისი თქმით, ახალი სამუშაო ადგილები პრაქტიკულად აღარ იქმნება, რის გამოც ხელფასების ზრდის ტემპი მკვეთრად შენელდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მეორე კვარტალის მონაცემებით, ნომინალური ხელფასების 8%-იანი ზრდის მიუხედავად, ინფლაციის გათვალისწინებით რეალური ხელფასების ზრდამ მხოლოდ 2% შეადგინა, რაც ხიშტოვანის შეფასებით, რეალურ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის გამოძახილია.

„შრომის ბაზარზე სტაგნაციაა. ანუ რეალურად ახალი სამუშაო ადგილები უკვე დიდი ხანია საქართველოში ან არ იქმნება, ან იქმნება ძალიან ცოტა. მოსალოდნელი იყო, რომ ხელფასების ზრდის ტემპიც შენელდებოდა. 2023 წელს რეალური ხელფასები გაიზარდა 17%-ით, 2024-ში 10-ით და მივედით ახლა იმ სიტუაციამდე, როდესაც 2026 წლის მეორე კვარტალში მხოლოდ დაახლოებით 2%-იანი ზრდა გვაქვს.

ჩემი აზრით, ეს პროცესი დააჩქარა გაზრდილმა ინფლაციის მაჩვენებელმა, მაგრამ ინფლაციის ფაქტორიც რომ გამოვრიცხოთ, როდესაც ქვეყანაში აღარ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხელფასებზე წნეხი მცირდება და ამას ვაკვირდებით ახლა.

ჩემი აზრით, ეს გამოძახილია რეალური ეკონომიკის მდგომარეობით. აქ არ უნდა მოგვატყუოს ეკონომიკური ზრდის ქაღალდზე არსებულმა მაღალმა მაჩვენებელმა, იმიტომ რომ ეს ზრდა არის ცალმხრივი. იზრდება რამდენიმე სექტორი ძალიან სწრაფად, რა სექტორებსაც დაბალი გავლენა აქვთ რეალურ ეკონომიკასა და დასაქმებაზე, ხოლო ყველა იმ სექტორს, რომელსაც დიდი გავლენა აქვს დასაქმებაზე — როგორიც არის მშენებლობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა — ეს სექტორები ან არ იზრდება, ან იზრდება ძალიან ნელა. აი ასეთი რეალობა გვაქვს.

ჩვენ გვაქვს ეკონომიკა, სადაც არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რეალური ხელფასები იზრდება (თუ იზრდება) ძალიან ნელა, ინფლაცია გვაქვს მაღალი და უბრალოდ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც აი ამ დიდი სურათიდან მნიშვნელოვნად ამოვარდნილია არის”,-აცხადებს ეკონომისტი.

აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოში უმუშევრობა მცირდება, მაგრამ არა დასაქმების ზრდის ხარჯზე. საქსტატის მეორე კვარტალის ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა 0,5 პროცენტული პუნქტით, 13,8%-მდე შემცირდა, 0,1%-ით შემცირდა დასაქმების დონეც. უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად ქვეყანაში 0,6%-ით შემცირდა სამუშაო ძალაც, ხოლო სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 2,6%-ით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებლების გათვალისწინებით ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ უმუშევრობის კლება ქვეყანაში არა ახალი სამუშაო ადგილების ზრდას, არამედ სამუშაო ძალის შემცირებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები