მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბიზნეს ლიტერატურა „ანტი გაყიდვები“ Amazon-ზეა

60b4f24932db1
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.21 22:00
1174
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელმა დავით ჩიკვაიძემ 2019 წელს თავისი პირველი წიგნი „ანტი გაყიდვები“ გამოსცა, რომელიც უკვე ქვეყნის საზღვრებს გასცდა და გასაყიდად Amazon-ზეც განთავსდა.

წიგნის ავტორი, რომლის მიზანი დაინტერესებული პირებისთვის გამოცდილებაზე დაფუძნებული გაყიდვების პროცესების გაცნობა იყო, BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქართულ რეალობაზე აგებულმა წიგნმა საქართველოში პოპულარობა მალევე მოიპოვა და ამიტომ ექვსი თვის წინ ავტორმა, წიგნით საერთაშორისო ბაზრის ათვისებაც გადაწყვიტა.

„ეს არის პირველი ქართული ბიზნეს ლიტერატურა Amazon-ზე“ - აცხადებს დავით ჩიკვაიძე და განმარტავს, რომ წიგნმა „ანტი გაყიდვები“ მსოფლიოში ცნობილ ონლაინ გაყიდვების პლატფორმამდე მისასვლელად გრძელი გზა განვლო.

მისი თქმით, წიგნი „ანტი გაყიდვები“ 2019 წელს წიგნი გამოიცა, 2020 წლიდან მისი ყიდვა „ბიბლუსის“ ქსელში გახდა შესაძლებელი. შედეგად დღემდე ქართველმა მკითხველმა 1000-მდე წიგნი შეიძინა.

„Amazon-მდე ძალიან გრძელი გზა გავიარეთ - თარგმნა, რედაქტირება, უცხოენოვან მკითხველზე ტექსტების და ქართული „ქეისების“ მორგება, რასაც Amazon-ის სტანდარტებში და დიზაინში მოქცევა და ამავე დროს პლაგიატზე შემოწმება მოჰყვა. ეს პროცესი წარმატებით გავიარეთ და საბოლოოდ, დღეს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ქართული ბიზნეს ლიტერატურა დღეს უკვე Amazon-ზე იყიდება“, - ამბობს წიგნის ავტორი.

წიგნის ავტორი დავით ჩიკვაიძე ქვეყნისთვის ქართული ლიტერატურის Amazon-ზე განთავსების მნიშვნელობაზეც საუბრობს და "ამაზონთან" თანამშრომლობის დეტალებს ყვება.

„ვფიქრობ, ძალიან კარგია, როდესაც ქართული წიგნი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გადის. ეს ქვეყნის ცნობადობას ზრდის. ქართულ გამოცდილებასა და მაგალითებზე აგებულ წიგნს უფრო მეტი ადამიანი გაეცნობა.

Amazon-ი წიგნიდან გარკვეულ თანხას იტოვებს, ამასთან წიგნის პოზიციონირებისთვის გარკვეული მარკეტინგული კამპანიების გატარებაა საჭირო, რაც წიგნის რეიტინგის გასაზრდელად პროდუქტის ავტორმა უნდა განახორციელოს“, - აღნიშნავს დავით ჩიკვაიძე.

ელექტრონული წიგნების - „ქინდლის“ მომხმარებელთათვის „ანტი გაყიდვები“ დღეს უკვე ხელმისაწვდომია და მათი ღირებულება 2.99 დოლარია. რაც შეეხება ბეჭდურ ვერსიას, მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ი უპირატესობას ელექტრონული წიგნების რეალიზაციას ანიჭებს, ონლაინ პლატფორმა სულ მალე წიგნის ბეჭდვას და სურვილის შემთხვევაში მომხმარებლისთვის მიწოდებასაც უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები