მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქარვას“ უნარჩენო წარმოებაში 8 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო - ვინ აფინანსებს პროექტს?

5f92f214d12ae
ვიქტორია მღებრიშვილი
25.10.20 20:40
1759
მცენარეული ცხიმების კომპანია "ქარვამ" უნარჩენო წარმოება აამოქმედა, რომელიც 2 საწარმოო ხაზს და ჯამში სრულად შეკრულ უნარჩენო წარმოების ციკლს მოიცავს.

სიმინდის ზეთისა და ცხოველის, ქათმის, თევზისა და ლოკოკინის კომბინირებული საკვების წარმოება სამეგრელოში, ხობში სრული დატვირთვით ამოქმედდა, რაშიც 8 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი თაბაგარი განმარტავს, პროექტი საპარტნიორო ფონდის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „დანერგე მომავალის“, ქართუ ბანკისა და კომპანიის პარტნიორების დაფინანსებით განხორციელდა. მისივე თქმით, სიმინდის ზეთის სატესტო წარმოება სექტემბერში დაიწყო და მალე ზეთი ადგილობრივ ბაზარზე შევა, ხოლო ცხოველისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვების საწარმო რამდენიმე დღეა, რაც ამოქმედდა.

„ცხოველის კომბინირებული საკვების წარმოების ამოქმედება პირველ რიგში იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ პროდუქტზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, მეორე მიზეზი კი ჩვენი სიმინდის ზეთის წარმოებაა. წარმოებაში ჩვენ ვამუშავებთ სიმინდს და გულიდან ვხდით ზეთს, ხოლო ნარჩენიდან ახლა უკვე ვაწარმოებთ კომბინირებულ საკვებს. შესაბამისად ეს უნარჩენო წარმოება იქნება.

საწარმოს წარმადობა 10 000 ტონაა, რისი გადამუშავებაც ქარხანას შეუძლია და ბაზარზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში სიმძლავრეებსაც გავზრდით. დასაქმებულთა რაოდენობა ზეთის საწარმოსა და საკვების წარმოებაში იქნება 50 ადამიანი, დაემატება ასევე დისტრიბუციის ნაწილი“, - განაცხადა გიორგი თაბაგარმა და დასძინა, რომ კორპორატიულ გაყიდვებს კომპანია თავად ფერმერებთან დადებული მემორანდუმებით შეძლებს, ხოლო საცალო გაყიდვებს მათი პარტნიორი კომპანია „ჯეოვეტი“ საკუთარი ბრენდის ქვეშ განახორციელებს.

BM.GE-მ კომპანიის დირექტორს ლოკოკინების საკვების წარმოების შესახებაც ჰკითხა, რაზეც გიორგი თაბაგარმა უპასუხა: „საქართველოში ლოკოკინის მოშენება ძალიან აქტუალური გახდა როგორც სამეგრელოში, ასევე კახეთში და ეს პროდუქტი ექსპორტზე გადის. ჩვენ გვაქვს მემორანდუმი ამ ფერმერებთან და მათი რეცეპტით დავამზადებთ ლოკოკინის საკვებს“.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები