მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაკრესი" - ახალი სტარტაპი

62c00a6156630
მარიამ იზორია
02.07.22 23:00
996
ბაზარზე ახალი სტარტაპი “ლაკრესი” გამოჩნდა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ისეთ არტიზანულ, უნიკალურ ყველს უწევს პოპულარიზაციას, როგორიც არის კალტი, დამბალხაჭო, ნარჩვი და სხვა.

გარდა ყველის რეალიზაციისა, “ლაკრესის” ასორტიმენტი მომხმარებელს ყუთების არჩევანსაც სთავაზობს, სადაც თითოეულ ყველთან ერთად სასურველი ღვინოა შეხამებული.

სტარტაპის დამფუძნებელი კახაბერ ვარდანაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ “ლარკესის” მიზანი ბაზარზე ქართული არტიზანული ყველის წარმოჩენა და რეალიზაციაა, ამისთვის კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტარტაპმა კონკრეტული მწარმოებლები შეარჩია და მათთვის დამატებითი შემოსავალი გააჩინა.

“ქვეყნის სხვდასხვა კუთხეში ადგილწარმოშობის არტიზანული ყველი მოვიძიეთ და აღვადგინეთ. ჩვენს ასორტიმენტში, კალტი, ნარჩვი, დამბალხაჭო და სხვა სახეობები შედის. ამასთან, ისეთ უნიკალური გემოების მქონე ყველსაც ვყიდით, როგორიც არის ყველი პიტნით, ყველი კენკრით და ა.შ. ძირითადი გათვლა ტურისტებზე კეთდება, მათგან ძალიან დიდი დაინტერესება გვაქვს. ჩვენი სტარტაპით ქართული საუკეთესო ყველის მწარმოებლებს ვუწევთ პოპულარიზაციას, ისეთ მეწარმეებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც ამ უნიკალურ პროდუქტს მცირე რაოდენობით ამზადებენ, ჩვენ კი ვცდილობთ წავახალისოთ.

ვავითარებთ მეორე მიმართულებასაც - ეს არის ყუთები, რომლებშიც სხვადასხვა ღვინოსთან სხვადასხვა ყველია შეხამებული. რაც შეეხება კონკრეტულად ყველების ფასებს, კილოგრამის ღირებულება 50 ლარიდან 70 ლარამდე მერყეობს” - ამბობს “ლაკრესის” დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ “ლაკრესის” პროდუქცია, როგორც ონლაინ, ასევე “ბაზარი ორბელიანზე” იყიდება. ამასთან, “ლაკრესის” დამფუძნებლის თქმით, მოლაპარაკებებს მსხვილ სავაჭრო ქსელთანაც აწარმოებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები