მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Intutor-ის მომხმარებლების რაოდენობა სექტემბერში გასამმაგდა - რას სთავაზობს ქართული პლატფორმა?

INTUTOR

საგანმანათლებლო პლატფორმა Intutor-ის მომხმარებლების რაოდენობა სექტემბრის დასაწყისში გასამმაგდა. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში პლატფორმას 1 000-ზე მეტი ახალი მომხმარებელი შეუერთდა. ამ ეტაპზე Intutor-ზე 1 000-ზე მეტი აქტიური მასწავლებელი მუშაობს, ხოლო მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 10 000-მდე გაიზარდა.

მეტრეველის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა არა მხოლოდ მომხმარებლების რაოდენობა, არამედ პლატფორმაზე განხორციელებული სასწავლო პროცესების მოცულობაც. Intutor-ის გამოყენება ინდივიდუალური მასწავლებლების გარდა, საგანმანათლებლო ცენტრებში და უფრო დიდ გუნდებში ფართოვდება.

„ჩვენი ზრდის მოდელი იმით არის საინტერესო, რომ თითოეული ახალი მასწავლებელი პლატფორმაზე საკუთარ მოსწავლეებსაც მოიყვანს. შესაბამისად, მასწავლებლების რაოდენობის ზრდას ავტომატურად მოჰყვება მოსწავლეების ბაზის გაფართოებაც. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვხედავთ, რომ პლატფორმას უკვე არა მხოლოდ ინდივიდუალური ტუტორები, არამედ საგანმანათლებლო ცენტრები და უფრო დიდი გუნდებიც იყენებენ“, - ამბობს მეტრეველი.

მომხმარებლების ზრდა კომპანიის ფინანსურ შედეგებზეც აისახება. როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი ამბობს, Intutor-ის თვიური შემოსავლის ზრდის MoM მაჩვენებელი საშუალოდ დაახლოებით 45%-ია. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო SaaS მოდელია. კერძოდ, მასწავლებელი თითოეულ აქტიურ მოსწავლეზე ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს იხდის.

„მომხმარებლების ზრდა პირდაპირ აისახება ჩვენს შემოსავლის დინამიკაზე. ამ ეტაპზე თვიური შემოსავლის ზრდის MoM მაჩვენებელი საშუალოდ დაახლოებით 45%-ია და სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, ეს დინამიკა კიდევ უფრო დაჩქარდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი რეგისტრაციების რაოდენობა, არამედ რამდენად აქტიურად იყენებენ მომხმარებლები პლატფორმას, რამდენ მოსწავლეს ამატებენ მასწავლებლები, როგორია retention და რამდენ შემოსავალს ვიღებთ თითო მომხმარებელზე. სწორედ ამ მაჩვენებლების ერთობლიობა გვიჩვენებს, რომ მომხმარებლების ზრდა რეალურ ბიზნესის ზრდაში გარდაიქმნება“, - აცხადებს Intutor-ის თანადამფუძნებელი.

ამ ეტაპზე, კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტი სწრაფი ზრდა და ბაზრის ათვისებაა, რის გამოც შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქტისა და ტექნოლოგიის განვითარებასა და მომხმარებლების მოზიდვაში ინვესტირდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, საქართველოში Intutor-ის ბაზარზე შეღწევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და კომპანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში 5 000-ზე მეტი რეპეტიტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულების რეგისტრაციას გეგმავს.

ამასთან, Intutor საერთაშორისო გაფართოებისთვის ემზადება. პირველი სამიზნე ბაზრები ყაზახეთი და უზბეკეთია, შემდეგ ეტაპზე კი კომპანია აზერბაიჯანის, თურქეთისა და MENA-ს რეგიონის ათვისებას განიხილავს.

„ყაზახეთი და უზბეკეთი რამდენიმე მიზეზით შევარჩიეთ. ორივე ქვეყანაში დამატებით განათლებასა და კერძო რეპეტიტორობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ამ თვალსაზრისით გარკვეული მსგავსება გვაქვს საქართველოს ბაზართან. ამასთან, ორივე ბევრად უფრო დიდი ბაზარია, ვიდრე საქართველო, რაც SaaS მოდელის მასშტაბირების შესაძლებლობას გვაძლევს.

ჩვენი საერთაშორისო სტრატეგია მხოლოდ ამ ორ ქვეყანაზე არ ჩერდება. შემდგომ ეტაპზე განვიხილავთ აზერბაიჯანს, თურქეთსა და MENA-ს რეგიონსაც. მნიშვნელოვანია, თითოეული ბაზარი ეტაპობრივად შევისწავლოთ და პროდუქტი ადგილობრივ საგანმანათლებლო და გადახდის ინფრასტრუქტურას მოვარგოთ“, - აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.

საერთაშორისო გაფართოებისთვის საჭირო რესურსების მოსაზიდად, Intutor რამდენიმე აღმოსავლურ ვენჩურული კაპიტალის ფონდთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. მოზიდული კაპიტალი ძირითადად საერთაშორისო ექსპანსიას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების გაძლიერებას მოხმარდება.

„ამ ეტაპზე რამდენიმე აღმოსავლურ venture capital ფონდთან აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს. კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმებების დასრულებამდე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით სიახლეებს ველოდებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კაპიტალის მოზიდვა, არამედ ისეთი პარტნიორის პოვნა, რომელსაც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის გამოცდილება და შესაბამისი ქსელი აქვს. მოზიდული კაპიტალი ძირითადად საერთაშორისო გაფართოებას, პროდუქტის ტექნოლოგიურ განვითარებას, AI ფუნქციების გაძლიერებასა და ახალ ბაზრებზე მომხმარებლების მოზიდვას მოხმარდება“, - ამბობს მეტრეველი.

Intutor-ის დღევანდელ მოდელს წინ უძღოდა Tlancer-ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ 2023 წელს GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტი მიიღო. თანხა ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას, ინფრასტრუქტურის შექმნას, გუნდის გაძლიერებასა და ბაზრის პირველ ტესტირებას მოხმარდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ამ ინვესტიციამ მოგვცა, იყო არა მხოლოდ შექმნილი ტექნოლოგია, არამედ დაგროვილი ცოდნა და ბაზრის უკუკავშირი. ათასობით მასწავლებელთან და მოსწავლესთან მუშაობამ დაგვანახვა, რომ მთავარი პრობლემა მხოლოდ მათი ერთმანეთთან დაკავშირება კი არა, თავად მასწავლებლის სამუშაო პროცესის მართვა იყო.

სწორედ ამ გამოცდილებიდან გაჩნდა Intutor-ის დღევანდელი მოდელი. ამიტომ Tlancer-ში განხორციელებულმა ინვესტიციამ საბოლოოდ იმ ცოდნის დაგროვებას შეუწყო ხელი, რომელმაც Intutor-ის შექმნა შესაძლებელი გახადა“, - აღნიშნავს ის.

კომპანიის გრძელვადიანი მიზანი Intutor-ის რეგიონულ EdTech/SaaS პლატფორმად ჩამოყალიბებაა. მომდევნო 2–3 წლის განმავლობაში კომპანია რამდენიმე ათეულ ათას აქტიურ მასწავლებელსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციას და მათ გარშემო ასიათასობით მოსწავლეს გაერთიანებას გეგმავს : „მომდევნო 2-3 წლის მთავარი მიზანია Intutor-ის რეგიონულ EdTech/SaaS პლატფორმად ჩამოყალიბება. პირველ ეტაპზე საქართველოში მნიშვნელოვანი მასშტაბის მიღწევა და პარალელურად ყაზახეთსა და უზბეკეთში შესვლა გვინდა. შემდეგ ეტაპზე ფოკუსი აზერბაიჯანზე, თურქეთსა და MENA-ს რეგიონზე გადავა.

ფინანსური თვალსაზრისით ჩვენი მიზანია განმეორებადი SaaS შემოსავლის სწრაფი ზრდა და ისეთი ბიზნესის შექმნა, რომლის შემოსავლების ძირითადი ნაწილი საერთაშორისო ბაზრებიდან იქნება გენერირებული“, - ამბობს ნიკოლოზ მეტრეველი.

უახლოესი გეგმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხელოვნური ინტელექტის Intutor-ში ინტეგრაციაა. კომპანია მუშაობს ფუნქციებზე, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება დავალებებისა და პასუხების ავტომატურ შემოწმებაში, სასწავლო მასალების შექმნაში, მოსწავლის პროგრესის ანალიზსა და ინდივიდუალური სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.

„ჩვენი ხედვაა, რომ Intutor ეტაპობრივად გადავიდეს უბრალოდ ტუტორების მართვის პლატფორმიდან AI-powered education infrastructure-ის მიმართულებით, სისტემად, რომელიც მასწავლებელს როგორც ბიზნესის მართვაში, ისე თავად სწავლების პროცესში ეხმარება“, - აცხადებს მეტრეველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები