საქართველოში შექმნილი სტარტაპი „პროტეგო“ ბავშვების ონლაინ უსაფრთხოებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ აპლიკაციას ავითარებს. პროდუქტის მთავარი იდეა ბავშვის ონლაინ აქტივობის მუდმივი კონტროლის ნაცვლად, საფრთხის ავტომატურად აღმოჩენა და მშობლისთვის შესაბამისი სიგნალის მიწოდებაა.
„პროტეგოს“ ბრენდის მთავარი ოფიცერი თამარ კალანდარიშვილი BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ პროდუქტის შექმნის იდეას წინ ბავშვებთან დაკავშირებული არაერთი შემთხვევა უძღოდა.
„ჩვენი დამფუძნებლის პრეისტორია არის წინაპირობა, სადაც მის ირგვლივ მომხდარა არაერთი შემთხვევა, ზოგი, სამწუხაროდ, ფატალურად დასრულებულა, როდესაც ბავშვს ჰქონია თვითდაზიანებები, იმიტომ, რომ განიცდიდა ბულინგს, ასევე განიცდიდა სექსუალურ შევიწროებას და სხვა მრავალი. ამიტომ, ეს იყო მისი იდეა, რომ შეექმნა. ეს არ არის ინოვაციური მსოფლიოში, არის მსგავსი აპლიკაცია ამერიკაში, თუმცა ამიერკავკასიაში ასეთი რამე ასეთი არ ყოფილა“, - აცხადებს კალანდარიშვილი.
მისივე თქმით, „პროტეგოს“ ერთ-ერთი მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მშობელს ბავშვის პირად მიმოწერაზე პირდაპირი წვდომა არ ეძლევა. სისტემა თავად ამუშავებს ინფორმაციას და მშობელს მხოლოდ მაშინ აწვდის შეტყობინებას, როდესაც შესაბამის საფრთხეს ამოიცნობს.
„ბევრისთვის ეს იყო მთავარი პრობლემური საკითხი, რომ ბავშვების მხრიდანაც უნდა იყოს სანდო. ეს არ არის მარტო, რომ მშობელს მისცე ბერკეტი. თუ ბავშვმა ამის საშუალება არ მისცა, ვერ აიღებს მშობელი ხელში ამ სადავეებს და ვერ დაიწყებს მის კონტროლს. არ კითხულობს, არავის არ აქვს მათ ჩატებზე წვდომა. ერთადერთი, რასაც ემსახურება ეს აპლიკაცია, არის ის, რომ გააანალიზოს AI-მ ჩატის კონტექსტი და საფრთხის შესახებ, როდესაც უკვე პრობლემა დადგება, შეტყობინებას აგზავნის მშობელთან“, - განმარტავს ის.
კომპანიის ინფორმაციით, აპლიკაცია მუშაობს, მათ შორის, TikTok-ის, Roblox-ის, Instagram-ისა და Facebook Messenger-ის გარემოში. სისტემა მხოლოდ ტექსტურ მიმოწერაზე არ არის ორიენტირებული და ფოტო და ვიდეომასალასაც ამუშავებს : „ფოტო და ვიდეომასალასაც აანალიზებს, და ეგრევე ატყობინებს მშობელს, რომ უკვე დროა, რომ მისი შვილის გვერდით იყოს“, - ამბობს კალანდარიშვილი.
როგორც ის ამბობს, აპლიკაციის გამოყენება გამოწერის მოდელით არის შესაძლებელი. პაკეტს თითო ბავშვზე იძენს, რეგისტრაციისას კი ბავშვის სახელისა და სხვა პირადი მონაცემების მითითება საჭირო არ არის. პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი იღებს უნიკალურ შტრიხკოდს, რომლის საშუალებითაც ბავშვის მიერ გამოყენებულ აპლიკაციებთან დაკავშირება ხდება.
„პროტეგოს“ წარმომადგენლის ინფორმაციით, პროდუქტის ბეტა-ვერსიის გამოცდაში 84 ოჯახი მონაწილეობდა. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე კომპანიამ პლატფორმას დამატებითი აპლიკაციები დაამატა, რადგან სისტემის ფუნქციონალი მხოლოდ ერთი კონკრეტული სოციალური ქსელის ან საკომუნიკაციო პლატფორმის გამოყენებაზე არ იყო გათვლილი.
„ამ დროის მონაცემებით უკვე გვყავს უშუალოდ რეგისტრირებული და გამომწერი დაახლოებით 330-მდე მომხმარებელი, თუმცა დაახლოებით რეკლამების რაოდენობის 80% გვყავს ადამიანი, რომელიც უკვე ყოველდღიურად შემოდის, სისტემატურად ტესტავს, ინფორმაციას ეცნობა. ამიტომ ზრდა საკმაოდ დიდი გვაქვს“, - აცხადებს კალანდარიშვილი.
კომპანია ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზეა ორიენტირებული, თუმცა პარალელურად საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობს. სტარტაპის სამომავლო გეგმებში კი რეგიონულ ბაზრებზე გაფართოებასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მათ შორის დუბაიში, შესვლაც განიხილება.
„ჯერჯერობით ქართულ ბაზარზე ვართ ორიენტირებულები, იმიტომ, რომ მართლა ახალშობილები ვართ. თუმცა სხვადასხვა კონკურსებში ვიღებთ მონაწილეობას უზბეკეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ასე შემდეგ მასშტაბით და აუცილებლად ჩვენს ერთ-ერთ გეგმაშია, რომ საამიროების მასშტაბითაც გავიდეთ, კონკრეტულად გვინდა დუბაი და ასე შემდეგ, ეს არის ცოტა უფრო შორ მომავალში“, - ამბობს „პროტეგოს“ ბრენდის მთავარი ოფიცერი.
საერთაშორისო გაფართოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია პროდუქტის მრავალენოვანი შესაძლებლობებია. კომპანიის ინფორმაციით, „პროტეგოს“ AI 8 ენას აანალიზებს და ეს შესაძლებლობა მხოლოდ აპლიკაციის ინტერფეისით არ შემოიფარგლება - სისტემა ამ ენებზე ჩატებისა და სხვა კონტენტის ანალიზსაც ახორციელებს. „ყველაფერი გამართულია ამ 8 ენაზე. ეს 8 ენის პროგრამებს, აპლიკაციებს, ჩატებს იგივე დონეზე აკეთებს ყველაფერს, როგორც გააკეთებს ქართულად, ინგლისურად“, - აღნიშნავს კალანდარიშვილი.
























