მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყულევის თიზ-ი" გაუქმდა - როგორ მოხდება ტერიტორიის განვითარება?

640f390526452
ნინო ტაბატაძე
13.03.23 23:45
992
„ყულევის თიზ-ი“ ფუნქციონირებას აღარ დაიწყებს.  უკვე ძალაშია მთავრობის დადგენილება, რომელიც „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ 2012 წლის დადგენილებას გაუქმებულად აცხადებს.

სოფელ ყულევში კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2012 წლის სექტემბერში მიიღო. თიზ-ის ორგანიზატორის უფლებამოსილება Socar Georgia Investments-ს მიენიჭა. თიზს ფუნქციონირება 2014 წლის სექტემბერში უნდა დაეწყო, თუმცა ამ დრომდე ვერ ამოქმედდა. Socar-ი ადგილზე კარბამიდის ქარხნის აშენებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ, ვალდებულება ვერ შეასრულა. აზერბაიჯანული კომპანიის უფლებამონაცვლე 2016 წელს „ფაზის ოილი“ გახდა. ეს კომპანია საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის აშენებას გეგმავდა, რისთვისაც არანაკლებ 120 მლნ უნდა დაეხარჯა, თუმცა ვალდებულება ამ შემთხვევაშიც ვერ შესრულდა.

13 მარტს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყულევში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” განახორციელებს, რომელიც 2022 წელს მაკა ასათიანმა დააფუძნა. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ინვესტორი პროექტში $30 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს.

BMG-ის კითხვაზე პასუხისას ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“ჯერ კიდევ 2012 წელს მოხდა ტერიტორიის გამოყოფა სახელმწიფოს მიერ "სოკარ ჯორჯიასთვის", შემდგომში ეს ჩანაცვლდა "ფაზის ოილით". ვერ მოხდა რეალურად პირობების შესრულება, რაც მთავრობამ განუსაზღვრა ინვესტორებს. მნიშვნელოვანი იყო აქ ისეთი წარმოების განვითარება, რომელიც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებდა. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში არსებულ ინვესტორთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და კომპანიის მიერ იყო შემოთავაზება რომ ახალი პირობებით მოახდინოს ინვესტიციის განხორციელება და საბოლოოდ საქართველომ მიიღოს ის, რაც გვინდოდა ახალი სამრეწველო კომპლექსის სახით, სადაც მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით ნავთობპროდუქტების გადამუშავება.

ეს იქნება რამდენიმე ფაზის პროექტი, რასაც განვითარების რამდენიმე ეტაპი ექნება და ჩვენ საკმაოდ კომპლექსური ქიმიური მრეწველობის პროდუქტები უნდა მივიღოთ. ეს იქნება ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, სადაც მინიმუმ 30 მილიონი დოლარი ჩაიდება და რამდენიმე ეტაპზე ეს ტერიტორია განვითარდება. ჩვენი მოლოდინით ახალი ინვესტორი უკვე წელს მნიშვნელოვან სამუშაოებს დაიწყებს,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის.

მაკა ასათიანი საქართველოში "მერსედესის" ოფიციალური დილერის, შპს "აკას" მეწილეცაა და კომპანიის 27%-ს ფლობს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები