პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. პირველ კვარტალში საქართველოში მხოლოდ 165 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2009 წლის შემდეგ კვარტალური ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია.
სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მიაჩნიათ, რომ FDI-ის შემცირების ძირითადი მიზეზი covid -19-ის პანდემია იყო. აქედან გამომდინარე სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილს მიაჩნია, რომ ინვესტიციების შემცირება მომდევნო კვარტლებშიც მოსალოდნელია.
მისი განმარტებით, მართალია, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მარტის ბოლოს გამოცხადდა, მაგრამ სხვა ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში ინვესტიციები შემოდის, აკრძალვები უფრო ადრე დაიწყო.
“ამ ქვეყნებში გაცილებით ადრე გაჩნდა უარყოფითი მოლოდინები, დაიწყო ჩაკეტვა და აკრძალვები. კომპანიები, რომლებიც კერძო ინვესტიციას ახორციელებდნენ საქართველოში, არამხოლოდ იმ მაჩვენებლის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, არამედ ზოგადად მსოფლიო ტენდენციებს აკვირდებიან. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხდება ასეთი კლება უცხოურ ინვესტიციებში. ამასთან, გაეროს წინასწარი შეფასებებით, ინვესტიციების მოცულობა 2020-21 წლებში მოსალოდნელია, რომ იყოს 30-40%-ით დაბალი, ვიდრე წინა წლებში იყო და ვფიქრობ, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება”,- აცხადებს მაგდა ბოლოთაშვილი.
კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რომ შემდეგ თვეებში მაინც მოახერხოს ინვესტორების მოზიდვა, მაგდა ბოლოთაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, აუცილებელია რეგულაციების შემსუბუქება.
“რეგულაციების შემსუბუქება უნდა მოხდეს, არ შეიძლება იმ რეგულაციებით მივდიოდეთ, როგორი რეგულაციებიც აქამდე გვქონდა. ეს სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ, რომ მაქსიმალურად მოქნილები გავხდეთ უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ მეტი ინვესტცია ჩაიდოს ჩვენთან, ვიდრე სხვაგან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ განიხილებოდა და ისევ დაბრუნდა თემა შრომის კანონდმებლობასთან დაკავშირებით. დამატებით ახალ რეგულაციებს უწესებენ კომპანიებს. ამ ეტაპზე ეს საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ნებისმიერი რეგულაცია დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და ნაკლებ მიმზიდველს ხდის გარემოს ინვესტორებისთვის”,- აცხადებს მაგდა ბოლოთაშვილი.