უკრაინის ქალაქ ვასილკოვში, რომელიც დედაქალაქ კიევიდან, დაახლოებით, 35 კილომეტრში მდებარეობს, ბრძოლები მიმდინარეობს.
ვასილკოვის მერი ნატალია ბალასინოვიჩის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებენ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის არიან დაღუპულები.
„მშვიდობიანი მოსახლეობა თავშესაფარში ჩავიდა, ყველა ღელავს. გვაქვს დანაკარგები, ბევრი დაჭრილი გვყავს", - თქვა მერმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
გვიან ღამით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. BBC ქალაქის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვისაც
კიევის ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობს.
დედაქალაქის ადმინისტრაცია მოსახლეობას მიმართავს და მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
„შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მაქსიმალურად ფრთხილად იყავით. თუ თავშესაფარში ხართ, ახლა ნუ დატოვებთ, თუ სახლში - ფანჯრებს და აივნებს მოერიდეთ. შედით დახურულ სივრცეში, მაგალითად აბაზანაში და თავზე რამე გადაიხურეთ, რომ ნამსხრევებისგან არ დაშავდეთ“.




























