უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებს. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
„აფეთქებები კიევში! დარჩით თავშესაფრებში!“ - ნათქვამია მის განცხადებაში.
მოგვიანებით დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ აფეთქება დნიპროვის რაიონში მოხდა და ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული.
გარდა ამისა, კლიჩკოს ინფორმაციით, გოლოსეევკას რაიონში რაკეტა უცხოვრებელ შენობა-ნაგებობას მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი ჰოსპიტალიზებულია.
ცნობისთვის, 26 იანვრის დილის საათებში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთის სარაკეტო იერიშის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. აქედან გამომდინარე კიევში, ასევე კიევის, ოდესის და დნიპროპეტროვის ოლქებში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის მიერ რუსული რაკეტების განადგურების შესახებ. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მტერმა კიევის მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, მათგან ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.