მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ომი უნდა შეწყვიტოს და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას - პაპუაშვილი

625adbbb4aea7
მარიამ ვარადაშვილი
16.04.22 19:08
1591
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი უნდა შეწყივტოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე გმირ ქალაქ კიევში. მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად, ჩემ ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობისთვის.

ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს მეგობრებს უკრაინისადმი ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის. ჩვენი ხალხების სიახლოვის გათვალისწინებით სხვანაირად არც შეგვეძლო. კულტურა, ისტორია, მეგობრობა არის ის, რაც განგვსაზღვრავს, გვაძლიერებს და გვაერთიანებს და რასაც ჩვენი ერები გულითადად უფრთხილდებიან. შესაბამისად, ჩვენ, ქართველები, ჩამოვედით კიევში გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის სათქმელად, თქვენი ტკივილის გაზიარებისთვის, უკრაინელ ხალხთან გვერდში დგომისთვის. სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმის, რა სურათებიც ვნახეთ ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, კრამატორსკში. ამ ხოცვა-ჟლეტვის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ეს ნაცნობი ისტორიებია. სამწუხაროდ, უკრაინაში ამ ქალაქების ბედი ბევრმა სხვა ქალაქმა გაიზიარა, ჯერ კიდევ ბევრი უცნობი ისტორიაა მოსაყოლი. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიღოს უკრაინელების არჩევანი“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება საქართველოს მოქალაქეებისთვისუცხო არ არის, რადგან წლების განმავლობაში ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს.

„ამ სურათების შემყურე ჩვენ, ქართველებს, რუსეთთან 1990-იანი წლების და 2008 წლის ომებიდან საკუთარი ბუჩები და ირპინები გვახსენდება დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს ჩვენც გამოვცადეთ. ჩვენი ქალაქები და იმედებიც დაიბომბა და განადგურდა. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს, ძალიან კარგად გვესმის თქვენი ტკივილი.

თუმცა ძვირფასო უკრაინელებო, უდიდეს ტკივილთან ერთად, ჩვენ ვხედავთ თქვენს გმირულ წინააღმდეგობას, სიმამაცეს და გაუტეხელ გულებს. ამ თავგანწირვაზე, როგორც სიმტკიცისა და გაუტეხელობის მაგალითზე, ყოველთვის მოვუყვებით ჩვენს მომავალ თაობებს. ეს განსაცდელი დროებითია. მშვიდობა მალე აუცილებლად დაისადგურებს თქვენს ლამაზ ქვეყანაში იმიტომ, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა. დიდება უკრაინას, მშვიდობა უკრაინას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები