მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადგა მომენტი, ევროკავშირმა ინტეგრაციის შეჩერების მცდარ გადაწყვეტილებას გადახედოს - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგში ვიზიტით იმყოფება, სადაც ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებზე ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებთან ერთად განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებიც. პარლამენტის სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებას ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.

„ჩვენ ისევე, როგორც ბელგიაში, აქაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი. ეს არ იყო სწორი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. მეტიც, თავის დროზე, ამ გადაწყვეტილების მიზანი ვფიქრობ, რომ იყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა და გავლენის მოხდენა.

თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როცა ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის ამ მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია და მგონი სწორედ ესაა ევროპულობა, რომ შეუძლებელია კონფრონტაცია იყოს სწორი გზა. ევროკავშირი დგას დიალოგზე, სამართლიანობასა და დისკუსიაზე. დღეს როცა მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია.

ამიტომ გვიხარია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლების, ისევე როგორც პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას, რომ სამართლიანი მოპყრობა ეს არის მთავარი პრინციპი, რითაც ევროკავშირის ინსტიტუტები უნდა სარგებლობდნენ და რომ დიალოგი და საუბარი არის ერთადერთი სწორი გზა. პასუხი არასდროს არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის არის დისკუსიაში“.

პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, ორ კვირაში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება, სადაც საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები