მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საავადმყოფოს უნდა ირჩევდნენ პაციენტები და არა სამინისტროში მომუშავე ჩინოვნიკები“ - სანდრო ურუშაძე

61b365af447be
ელენე გოგბერაშვილი
11.12.21 10:05
811
მიმდინარე კვირაში ეკატერინე ტიკარაძე ჯერ კიდევ ჯანდაცვის მინისტრის რანგში სელექტიური კონტრაქტირების საკითხზე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

სელექტიური კონტრაქტირება არის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს შეარჩევს.

ჯანდაცვის სპეციალისტი, სანდრო ურუშაძე თვლის, რომ კლინიკები არა სამინისტრომ, არამედ თავად პაციენტმა უნდა შეარჩიოს და ამ პროცესში სამინისტროს როლი სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

„ვის ხარჯებს ზოგავს სელექტიური კონტრაქტირება? ადამიანებისას თუ ბიუჯეტის? როცა ხარჯებზე ვსაუბრობთ, მთლიან ხარჯებზე უნდა ვისაუბროთ. თუ 2-დან მხოლოდ ერთი დააკონტრაქტეს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა იქ წავა სამკურნალოდ, ადამიანები, რომლებიც პირველ საავადმყოფოს აირჩევენ ჯიბიდან მოუხდებათ ფულის გადახდა. ჩემი აზრით ქვეყანაში, რომელშიც ვცხოვრობთ საავადმყოფოს უნდა ირჩევდნენ პაციენტები და არა სამინისტროში მომუშავე ჩინოვნიკები და იმისდა მიხედვით უნდა ირჩევდნენ, როგორი მიღწევა აქვს ამ საავადმყოფოს. სამინისტროს ვალდებულებაა გამჭვირვალე გახადოს ის შედეგები, მომსახურება და ხარისხი, რაც კონკრეტულად საავადმყოფოებშია“-აცხადებს სანდრო ურუშაძე.

სელექტიურ კონტრაქტირებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ჯანდაცვის კიდევ ერთ სპეციალისტს. ქეთევან ჩხატარშვილს აინტერესებს, რა იქნება ის კრიტერიუმები, რომლის მეშვეობითაც სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკების შეარჩევს.

„სელექტიურ კონტრაქტირებაზე დიდი ხანია საუბარია, ეს თეორიულად მისცემს საშუალებას ჯანადცვის მესვეურებს, რომ შეამციროს დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც ჩართულები არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და გააუმჯობესონ როგორც ფინანსური მართვა, ისე ხარისხის კუთხით მომსახურეობის მიწოდება, თუმცა აქ საკითხი დგას, როგორ აპირებენამას და თუ არსებობს ჩამოყალიბებული ხედვა იმ კრიტერიუმების შესახებ, რა კრიტერიუმებითაც მოხდება დაწესებულებების შერჩევა. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა იმიტომ, რომ არასწორად შერჩეულმა კრიტერიუმებმა და არასწორად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება დადებითის ნაცვლად უარყოფითი შედეგი მოიტანოს სისტემისთვის“-აცხადებს ქეთევან ჩხატარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კლინიკებთან შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავცელებული რელიზში ნათქვამი იყო, რომ ჰოსპიტლების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება საწოლფონდის საჭირო მოცულობა და ხარისხობრივი ინდიკატორები, კერძოდ მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდების შესაძლებლობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები