პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მთავრობა მუშაობს რომ ნარჩენების მართვის რეგულაციები საქართველოს რეალობას მოერგოს, რათა ის ბიზნეს სექტორს მძიმე ტვირთად არ დააწვეს. საუბარია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონცეფციის შემუშავებაზე.
“ამ ზაფხულს ძალაში შევიდა ოთხი რეგლამენტი, რომლითაც სხვადასხვა ტიპის ნარჩენების წარმოების კომპონენტი ამოქმედდა და აქტიური რეგისტრაცია მიმდინარეობს იმ პირებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ესენია აკუმულატორების ნარჩენები,ზეთები და ა.შ. უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც შეფუთვის ნარჩენებზე ვსაუბრობთ ეს არის ყველაზე დიდი სეგმენტი, რაც დღეს ნაგავსაყრელზე მიდის. თითოეული ნაგავსაყრელის შემადგენლობის დაახლოებით 40% შეფუთვის ნარჩენებია, რომლის მწარმოებლის გაფართოებული დადგენილების ვალდებულებაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. თუმცა შეუძლებელია ეს დადგენილება იქამდე მივიღოთ, ვიდრე პროცედურული ნაწილი გავლილი და გააზრებული არ იქნება თუ როგორ ვმუშაობთ.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება შეფუთვის ნარჩენებთან მიმართებით ძალიან დიდ ტვირთს აკისრებს მწარმოებლებსა და იმპორტიორებს. აქედან გამომდინარე, თუ სრული მასშტაბით ავამოქმედებთ ამ დადგენილებას გამოვა რომ ბიზნესს ძალიან დიდი ხარჯის გაწევა მოუწევს. ეს არის ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და უტილიზაციის ხარჯი. ამიტომ, ვცდილობთ მთავრობასთან ერთად მოვიფიქროთ მოდელი, სადაც ბიზნესის თანამონაწილეობა შემსუბუქდება ისე რომ ეს ტვირთი მათ არ დააწვეთ”,-ამბობს ბითაძე.
მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან [EBRD] მუშაობენ იმისთვის, რომ დადგინდეს ის ხარჯები, რაც ნარჩენების გადამუშავების კუთხით ბიზნესს ექნება. ბითაძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ტიპის ნარჩენების, მათ შორის შეფუთვის ნაწილში რეგულაციების მიღება მთავრობამ არ უნდა იჩქაროს და ცვლილებები არსებულ რეალობას უნდა მოერგოს.




























