რუსეთში ამოქმედებული სანქციების გამო ქართველ მეღვინეებს პროდუქცია ექსპორტზე ვეღარ გააქვთ. მათი თქმით, იმის გამო, რომ ანგარიშსწორება ვერ ხერხდება, რუსეთში გასაგზავნი ტვირთები გაჩერებულია.
კომპანია “თელავის ღვინის მარნის” დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს, რომ გაუყიდავი ღვინო პრობლემებს შეუქმნის ყველას, მათ შორის გლეხებს. მისი თქმით, ღვინის რეალიზება თუ ვერ მოხდება, ახალი რთველის საჭიროება ღვინის გადამამუშავებელ ქარხნებს და ღვინის კომპანიებს არ ექნებათ.
“რჩება უამრავი პროდუქცია საქართველოში, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე უნდა გაგვეტანა. ეს პროდუქცია რჩება გაუყიდავი. ეს არის ზოგადი პრობლემა ქართული მეღვინეობისა და მევენახეობისთვის, რადგან გაუყიდავი ღვინო ნიშნავს იმას, რომ ეს ღვინო დარჩება რეზერვუარებში და შესაძლოა არ იყოს ადგილი ახალი რთველის მისაღებად.
უფრო მეტიც, შესაძლოა არ იყოს სურვილი ახალი ყურძნის გადამუშავების, რადგან ძველი მოსავალი გაუყიდავია. ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული პრობლემა, რომელიც შეეხება ყველას”-ამბობს თელავის ღვინის მარნის დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი.
რამაზაშვილის თქმით, ქართული ღვინისთვის ალტერნატიული ბაზრის მოძიებაც რთულია, რადგან ქვეყნები ამ კუთხით შეზღუდულია. მისი თქმით, მეღვინეებს, ახალ ბაზრებზე გადაწყობა მოკლევადიან პერიოდში გაუჭირდებათ.
“ერთ წელიწადშიც კი შესაძლოა ალტერნატივა ვერ მოინახოს, იმიტომ რომ ღვინის ბაზრები – ესაა სპეციფიური ქვეყნები, სადაც ღვინის მოხმარების კულტურა არსებობს. ახლა ჩვენ რომ ავიღოთ და ეს ღვინო გავიტანოთ აფრიკაში, იქ ვერ გავყიდით, იმიტომ, რომ იქ ამ პროდუქტის მოხმარების კულტურა არ არის. ჩვენ უნდა ვიფიქრით, მხოლოდ ღვინის მიმღებ ბაზრებზე. ეს ბაზრები შეზღუდულია და ყველა იცნობს. თუმცა მეორე პრობლემაა, რამდენად იცნობენ ამ ბაზარზე ქართულ ღვინოს”-აცხადებს თელავის ღვინის მარნის დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი.
ცნობისთვის, საქართველომ 2021 წელს ღვინის ექსპორტით 239.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს ($210.3 მლნ) 13.8%-ით აღემატება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, საქსტატის ცნობით, TOP-10 კომპანიას შორის, რომელთაც ექსპორტზე შარშან ყველაზე მეტი ღირებულების ღვინო გაიტანეს, ერთ-ერთი “თელავის ღვინის მარანია”. კომპანიამ 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე 5 მლნ ბოთლი ღვინო გაყიდა. კომპანიის ექსპორტში რუსეთის ბაზარს 10%, ხოლო უკრაინას 13% უჭირავს.