გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის 4 ნოემბრის ბრძანებით, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა.
საქმე ისაა, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, ღვინის კომპანიებისთვის ნიშანდების სისტემა სავალდებულო 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ხდება.
დამტკიცებული წესი კი განსაზღვრავს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების პირობებსა და პროცედურას, ნიშნის ფორმასა და სავალდებულო ელემენტებს, ნიშნის მოთხოვნის, გაცემის, მიღების, შენახვის, დატანის, აქტივაციის, დეაქტივაციის, დაბრუნების, აგრეთვე ნიშანდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვისა და კონტროლის პირობებს. წესის მიზანია სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის იდენტიფიკაციის, მიკვლევადობისა და მომხმარებლისთვის ალკოჰოლიანი სასმლისა და მისი სერტიფიცირების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ნიშანდების ძირითადი პირობები ასეთია:
1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდება ხორციელდება პროდუქტის სარეალიზაციოდ განთავსებამდე.
2. ალკოჰოლიანი სასმლის თითოეულ სამომხმარებლო ტარაზე დაიტანება ერთი ნიშანი, ხოლო ჩამოსასხმელი ღვინის შემთხვევაში – სარეალიზაციო სტაციონარულ ჭურჭელზე ან/და ცისტერნაზე.
3. ნიშნის განმეორებით გამოყენება, სხვა პროდუქტზე გადატანა, გასხვისება ან მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია.
4. ნიშნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ღვინის ეროვნული სააგენტო.
5. ნიშნის ფლობა არ ადასტურებს პროდუქტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ნიშანდების მოთხოვნა შესრულებულია, თუ ნიშანი დატანილია ამ წესის შესაბამისად, აქტიურია და დაკავშირებულია შესაბამისი პროდუქციის სერტიფიკატთან.
6. ნიშნები ერთმანეთისგან განსხვავდება ფერით. მათი ფორმა, ზომა და სავალდებულო ელემენტების განლაგების პრინციპი ერთნაირია.
7. ნიშნის ფორმა, ზომა და სავალდებულო ელემენტები განისაზღვრება „ალკოჰოლიანი სასმლის ნიშნის ფორმა“ დანართის შესაბამისად.
ნიშანი მზადდება მატერიალური ფორმით და უნდა იყოს გამოყენებადი მინაზე, მუყაოზე, მეტალზე და ალკოჰოლიანი სასმლის სამომხმარებლო ტარისთვის ან შეფუთვისთვის გამოყენებულ სხვა შესაბამის მასალაზე. ნიშანი უნდა შეიცავდეს:
ა) ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შერჩეულ სიმბოლოს;
ბ) QR კოდს;
გ) უნიკალურ იდენტიფიკატორს (UID)
დ) სულ მცირე ერთ ხილულ, ერთ ფარულ და ერთ სასამართლო-საექსპერტიზო ავთენტიფიკაციის ელემენტს;
ე) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სხვა ტექნიკურ აღმნიშვნელს, რომელიც აუცილებელია ნიშნის ავთენტიფიკაციისა და მიკვლევადობისთვის.
ამასთან, ნიშანი დაცული უნდა იყოს კოპირებისგან, დუბლირებისგან და არასანქცირებული გამოყენებისგან და მისი მოცილების ან გადატანის მცდელობამ უნდა გამოიწვიოს ნიშნის ან მისი დამცავი ელემენტის შეუქცევადი დაზიანება.
QR კოდის სკანირებით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) პროდუქტის დასახელება და კატეგორია;
ბ) მწარმოებლის დასახელება;
გ) შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი, გაცემის თარიღი და სტატუსი;
დ) ლოტის ნომერი;
ე) ნიშნის სტატუსი.
ღვინის კომპანია ნიშნის მისაღებად განაცხადს წარადგენს სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტორიზებული მომხმარებლის ანგარიშიდან. სააგენტო განაცხადის დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განაცხადის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში და ელექტრონულად აცნობებს განმცხადებელს. უარის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ ღვინის კომპანია ვალდებულია გადაიხადოს ნიშანდების საფასური, რის შემდეგაც ნიშანი/ნიშნები გაიცემა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
ნიშნების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები ინახება ნიშნის ბოლო სტატუსის ცვლილებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.
ღვინის კომპანია ვალდებულია:
ა) გამოიყენოს ნიშანი მხოლოდ იმ პროდუქტისა და რაოდენობისთვის, რომლისთვისაც იგი გაიცა;
ბ) უზრუნველყოს ნიშნის დაცული შენახვა, სწორად დატანა და დროული აქტივაცია;
გ) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა და სააგენტოს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია;
დ) სააგენტოს ამ წესით განსაზღვრულ ვადაში აცნობოს ნიშნის დაკარგვის, მოპარვის, დაზიანების, უნებართვო გამოყენების ან მონაცემთა შეუსაბამობის შესახებ;
ე) სააგენტოს უფლებამოსილ პირს მისცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმების შესაძლებლობა;
ვ) უზრუნველყოს ნიშნებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება მხოლოდ უფლებამოსილი მომხმარებლების მიერ და სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისობა ფაქტობრივ მარაგთან;
ზ) უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის შენახვა და სააგენტოსთვის ხელმისაწვდომობა
აღსანიშნავია, რომ მინისტრის ბრძანებაში საფასურის ოდენობა დაკონკრეტებული არაა. როგორც ცნობილია, ნიშანდების სავარაუდო ღირებულება იქნება 10 თეთრი ერთ ბოთლზე. ამასთან, ნიშანდება მცირე ზომის მარნის სტატუსის მქონე ღვინის კომპანიებსაც შეეხებათ, მაგრამ სექტორის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ მათთვის ნიშანდების საფასური, სავარაუდოდ, 10 თეთრზე ნაკლები იქნება. როგორც აქამდე BMG-ს ღვინის ეროვნული სააგენტოში უთხრეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის (ღვინო) ნიშანდების საფასური 2027 წლის 1 თებერვლამდე უნდა განისაზღვროს.
























