მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვფიქრობდით, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩებოდა - თიბისი კაპიტალი

61b1a4d720377
მარიამ ვარადაშვილი
09.12.21 19:10
984
თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს, რომ მათი პროგნოზით, ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად უნდა დაეტოვებინა. მისივე განმარტებით, მართალია, ქვეყანაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ზოგადად მაღალია, თუმცა ბოლო თვეებში ყოველთვიური ინფლაციის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნებოდა.

“საპროცენტო განაკვეთის ზრდა ჩვენი მოლოდინი არ იყო. ვფიქრობდით, რომ განაკვეთი უცვლელად დარჩებოდა. ინფლაცია რომ დიდი პრობლემაა, ამაზე ყველა თანხმდება, მათ შორის ეროვნული ბანკიც, მაგრამ ბოლო თვეებს თუ შევხედავთ, ინფლაცია “მოტეხილია”. წლიური ინფლაცია დეკემბერშიც გაიზრდება, მაგრამ ანალიტიკური თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ თვე-თვეზე მაჩვენებელს. მაგალითად, დეკემბერში ინფლაცია გაიზრდება, რადგან შარშან დიდი მინუსი იყო. [2020 წლის დეკემბერში თვიური ინფლაცია -0.1% იყო] ამიტომ, უნდა დავაკვირდეთ თვე-თვეს და შევადაროთ ნოემბერი-ოქტომბერს და ა.შ. ეს უფრო აჩვენებს წინმსწრებ ინდიკატორს. ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ფასების ზრდა შეჩერებულია თუ სეზონურ ფაქტორსაც გამოვრიცხავთ”,-აცხადებს ნადარაია.

მისივე თქმით, შესაძლოა, მაღალი ინფლაცია მოლოდინებში გადაზრდილიყო და ამის რისკი დაინახა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა.

“პირდაპირ რომ ვთქვათ, 0.5 პპ-ით მეტი იქნება თუ ნაკლები რეფინანსირების განაკვეთი, ამით ბევრი რამ არ იცვლება, მაგრამ როგორც გითხარით ჩვენი პროგნოზი იყო, რომ უცვლელად დარჩებოდა”, - ამბობს ნადარაია.

8 დეკემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პპ-ით გაზარდა. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5% გახდა.

საკუთარ გადაწყვეტილებაში ეროვნულმა ბანკმა მიუთითა, რომ ქვეყანაში არსებულ 12.5%-იან ინფლაციაში საგარეო ფაქტორებზე 9 პროცენტული პუნქტი მოდის, ანუ გარე ფაქტორები ამჟამად არსებული რეკორდულად მაღალი ინფლაციის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზია.

გუშინდელი გადაწყვეტილებითვე, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების დასაშვები ხანგრძლივობა 15-ის ნაცვლად 10 წლით განისაზღრება.

ოთარ ნადარია ამბობს, რომ თავად ზოგადად, მულტისავალუტო სესხებს უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რაციონალური გამოსავალი იპოთეკების ლარი/ევრო/დოლარში გაცემაა. აქვე დასძენს, რომ სავალუტო იპოთეკურ სესხებზე ახალი რეგულაცია ეროვნული ბანკის ლარიზაციის პოლიტიკაში ჯდება. მეტიც, ის თანხვედრაშია ზოგადად დაკრედიტების შემცირებასთანაც, რისი მიზანიც ინფლაციის შემცირებაც შეიძლება იყოს.

“ზოგადად, ეკონომიკის ზრდა და დამატებითი სესხების გაცემა ინფლაციას ზრდის. ამ შემთხვევაში, მთავარია, რამდენად ჭარბია დაკრედიტება. ერთ-ერთი მარტივი საზომი აქ არის ეკონომიკურ ზრდასთან შედარება. ქვეყანაში დაკრედიტება მართლაც მაღალია, მაგრამ ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით ჯერ კიდევ დაბალია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სესხების ზრდა ჭარბი ნამდვილად არ არის. ლარიზაციის პოლიტიკა გასაგებია, მას ბევრი მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე ჰყავს, იქედან გამომდინარე, თუ ვის როგორ ესმის აქამდე გადადგმული თუ სამომავლოდ მოსალოდნელი ნაბიჯების ეფექტიანობა და ზოგადად ლარიზაციის სტრატეგიის არჩევა. ვიმეორებ, ჯამური სესხების ზრდა მათ შორის იპოთეკური სესეხებს თუ ავიღებთ, ეკონომიკურ ზრდაზე ბევრად ნაკლებია. ამ გადაწყვეტილებას უფრო ლარიზაციის კუთხით შევხედავდი”,-ამბობს ნადარაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები