მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაზე დიდი მოთხოვნა მცირე ზომის ბინებზეა“ – „გუმბათი ჰოლდინგი“

644a732612d33
სალომე ხიდურელი
28.04.23 23:50
715
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „გუმბათი ჰოლდინგი“ ქართულ ბაზარზე 9 წელია ოპერირებს. საკითხზე, თუ როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა საცხოვრებელი ბინების შეძენისას ამ წლების განმავლობაში, BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ „გუმბათი ჰოლდინგის“ დირექტორები, სოსო მაჩაიძე და ნატო ბოჭორიშვილი საუბრობენ.

„მომხმარებლის ქცევაზე როცა ვსაუბრობთ და კითხვებზე, რაც მათგან მოდის, ძალიან შეცვლილია. პირობითად, ხუთი წლის წინ, არავინ ინტერესდებოდა, როგორი ფილები იქნებოდა სადარბაზოში, ან როგორ მოეწყობოდა სადარბაზოში შესასვლელი, ე.წ. „ლობი“. დღესდღეობით მომხმარებლები დეტალებთან დაკავშირებულ კითხვებს სვამენ. აინტერესებთ როგორც ვიზუალური, ასევე ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად, ლიფტების შემთხვევაში. ეს ყველაზე აქტუალური თემაა დღესდღეობით, განსაკუთრებით მაღალსართულიანი მშენებლობების შემთხვევაში“, - აღნიშნავს ნატო ბოჭორიშვილი.

როგორც „გუმბათი ჰოლდინგის“ დირექტორი განმარტავს, ხარისხთან დაკავშირებული საკითხებისთვის კომპანიას ხარისხის კონტროლის რამდენიმე ეტაპი აქვს დანერგილი, რომელიც დაგეგმილ პროექტსა და ხარისხობრივ მოთხოვნებს შორის შესადარისობას უზრუნველყოფს.

„ხარისხობრივ ჭრილს რაც შეეხება, ერთია, თუ როგორ დაგეგმავ პროექტს და მეორეა, როგორ შეასრულებ ამ გეგმას. ამიტომ კომპანიაში გვაქვს ხარისხის კონტროლის რამდენიმე ეტაპი: პირველი არის მშენებლის პასუხისმგებლობა, ანუ, მშენებელს ჰყავს მაკონტროლებელი მხარე, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის და ხარისხობრივი მოთხოვნების შესადარისობას შესრულებულ სამუშაოებთან; ასევე გვაქვს ხარისხის მართვის დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ ობიექტზე აკონტროლებენ და უზრუნველყოფენ შესაბამის ხარისხს. გარდა ამისა, კონსტრუქციულ ნაწილში გვყავს კიდევ ერთი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული განხორციელებული სამუშაოს, იქნება ეს არმატურის დაწვნა თუ ფილების ჩამოსხმა, აღრიცხვასა და მონიტორინგს“, - აცხადებს ნატო ბოჭორიშვილი.

სოსო მაჩაიძის განმარტებით, ხარისხთან დაკავშირებული საკითხების გარდა, მომხმარებელი დღეს ხმის იზოლაციითა და საცხოვრებელი ბინის ენერგოეფექტურობით ინტერესდება.

„ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ უკვე აშენებული ნაგებობების ბლოკებით შევსებას ვახორციელებთ. აქაც გააქტიურდა მომხმარებელი და უკვე აინტერესებთ, რა ბლოკით შენდება კედლები, რამდენად იქნება თბოიზოლაცია, ხმის იზოლაცია გათვალისწინებული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიყენებთ ისეთ სამშენებლო ბლოკებს, რომ მეზობლებს ერთმანეთის ხმა არ შეაწუხებთ.

მომხმარებელს ასევე აინტერესებს, რამდენად ენერგოეფექტური იქნება შუშა, რომელსაც ვიყენებთ. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ჩვენ მიერ. აბსოლუტურად ვითვალისწინებთ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც მწარმოებლებისგან არის დანერგილი, არ ვაკეთებთ კუსტარულად. ხარისხის მართვის სამსახური სწორედ ამაზე მუშაობს, თუ რამდენად ხარისხიან მასალას ვიყიდით და, მერე, რამდენად ხარისხიანად დავამონტაჟებთ მას ადგილზე“, - ამბობს სოსო მაჩაიძე.

მისი თქმით, მომხმარებელი დღეს განსაკუთრებით დაინტერესებულია შენობის გარე ფასადებითაც, რის გამოც „ვაკე რეზიდენსის“ კედლები მაღალტექნოლოგიური მასალებით მოეწყობა, რომელიც ვიზუალს 28-30 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.

წამყვანის კითხვაზე, - კონკრეტულად რა ტიპის ბინებზეა წლევანდელი მონაცემებით მოთხოვნა გაზრდილი, ნატო ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ მომხმარებლები ძირითადად 50-70 კვ.მ. ფართობის მქონე ერთოთახიანი ბინებით ინტერესდებიან.

„წელსაც, ისევე როგორც გასული წლების მაგალითზე, მცირე ზომის ბინებზეა დიდი მოთხოვნა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ საკმაოდ ბევრი ემიგრანტი საინვესტიციო მიზნებისთვის ყიდულობს. ასევე, პატარა ოჯახებისათვის ერთსაძინებლიანი ბინები უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე დიდი ბინები“, - აღნიშნავს ნატო ბოჭორიშვილი.

მისი განმარტებით, ამის მიუხედავად, დიდი დაინტერესება მოდის „ვაკე რეზიდენსის“ 195 კვ.მ.-იან ბინებზე, რომლებიც საცხოვრებელი სივრცის გარდა განსხვავებული ღირებულების მქონე ტერასებსა და ბაღის მოწყობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რაც დიდი ზომის ოჯახებისთვისაა გათვლილი.

ცნობისთვის, "გუმბათი ჰოლდინგი" მათი ყველაზე მასშტაბური პროექტის, „ვაკე რეზიდენსის“ მშენებლობას 2025 წლის დეკემბერში დაასრულებს. „ვაკე რეზიდენსი“ თავის თავში მრავალფუნქციურ პრემიუმ კლასის კომპლექსს მოიაზრებს, სადაც საცხოვრებელ ბინებთან ერთად საოფისე სივრცეები, კომერციული ფართები, სარეკრეაციო და გასართობი სკვერები მოეწყობა. გარდა ამისა, „გუმბათი ჰოლდინგი“ უკვე დასრულებულ 4 და მიმდინარე 3 პროექტს ითვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები