თანამედროვე სამყაროში ელექტროენერგია არა მხოლოდ კომუნალური სერვისი, არამედ ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტი და ამავე დროს , საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური იარაღია. თუ მსოფლიო რუკას ენერგეტიკული ტარიფების მიხედვით შევხედავთ, დავინახავთ დრამატულ კონტრასტს, სადაც ერთი კილოვატ-საათის ღირებულება ქვეყნების მიხედვით შესაძლოა ასჯერ ან ათასჯერაც კი განსხვავდებოდეს. ეს განსხვავება კი, პირდაპირი ანარეკლია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების, საგადასახადო პოლიტიკისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის.
გლობალური სურათის განხილვა უმაღლესი საფეხურებიდან უნდა დავიწყოთ, სადაც ტრადიციულად დასავლეთ ევროპის ქვეყნები და კუნძულოვანი სახელმწიფოები დომინირებენ. ევროპაში ელექტროენერგიის მაღალი ღირებულება, რომელიც ერთ კილოვატ-საათზე ხშირად 40-დან 50 ცენტამდე მერყეობს განპირობებულია არა იმდენად ენერგიის გამომუშავების თვითღირებულებით, არამედ რთული საგადასახადო სისტემითა და მწვანე პოლიტიკით.
მაგალითად, დანიასა და გერმანიაში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის ნახევარზე მეტი გადასახადებსა და განახლებადი ენერგიის სუბსიდირებას ხმარდება. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა იზოლირებულ კუნძულებზე, როგორიცაა სოლომონის კუნძულები ან ბერმუდა, სადაც გეოგრაფიული იზოლაციის გამო ელექტროენერგიის წარმოება ძვირად ღირებულ დიზელის გენერატორებს ეფუძნება, რაც ტარიფს კატასტროფულად ზრდის.
მეორე უკიდურესობაში ვხვდებით ქვეყნებს, სადაც ელექტროენერგია სიმბოლურ ფასად იყიდება. ესენი ძირითადად ნავთობითა და გაზით მდიდარი სახელმწიფოებია, სადაც მთავრობები სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით ენერგეტიკის მასობრივ სუბსიდირებას ახდენენ. ამ მხრივ მოწინავე პოზიციაზე ირანი, სირია, ლიბია და ვენესუელაა, სადაც კილოვატ-საათის ღირებულება ხშირად ერთ ცენტზე ნაკლებია, ზოგჯერ კი 0.001 ცენტსაც უტოლდება. ეკონომიკური ლოგიკა აქ მარტივია: სახელმწიფო უარს ამბობს ენერგორესურსების საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვით მიღებულ პოტენციურ მოგებაზე და ამ რესურსს შიდა მოხმარებისთვის თითქმის უფასოდ გასცემს.
თუმცა, სიიაფეს ხშირად თან სდევს ინფრასტრუქტურული კრიზისი, ხშირი გათიშვები და დეფიციტი, რადგან დაბალი ტარიფი სისტემის განახლებისთვის საჭირო შემოსავალს ვერ უზრუნველყოფს. მსოფლიოში დღესდღეობით პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ელექტროენერგია სტაბილურად, საკანონმდებლო დონზე უფასოა ყველა მოქალაქისთვის. წარსულში თურქმენეთს ჰქონდა მსგავსი ექსპერიმენტი, როდესაც მოსახლეობას გარკვეული ლიმიტი უფასოდ მიეწოდებოდა, მაგრამ ეს პროგრამა წლების წინ გაუქმდა ეკონომიკური არაეფექტიანობის გამო.
მითებს ნულოვან ტარიფზე ხშირად ვისმენთ ესტონეთის მაგალითზეც, თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა მათი რეალობისგან გამიჯვნა. ესტონეთისა და ზოგადად, სკანდინავიურ-ბალტიური რეგიონის შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მუდმივ ნულოვან ტარიფთან, არამედ საბაზრო ანომალიებთან . ესტონეთი ჩართულია „ნორდ პულის“ ენერგო-ბირჟაზე, სადაც ფასები საათობრივად დგინდება.
არის შემთხვევები, განსაკუთრებით ქარიან ან მზიან დღეებში, როცა განახლებადი ენერგიის ჭარბი წარმოების გამო ბირჟაზე ელექტროენერგიის ფასი ნულს უტოლდება ან უარყოფითიც კი ხდება , ანუ მწარმოებელი იხდის ფულს, რომ ენერგია ქსელში გაუშვას. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ ენერგიის საბაზრო ფასს და არა საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს. რიგითი ესტონელი მომხმარებელი, მაშინაც კი, როცა ბირჟაზე ფასი ნულია, იხდის ქსელის მომსახურების საფასურს, აქციზსა და დღგ-ს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ესტონეთი ნულოვანი ქვეყნების სიაში არ ხვდება, პირიქით, მისი საშუალო ტარიფი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან ახლოსაა და ზოგჯერ მას აღემატება კიდეც.
განვითარებული ქვეყნები, მაღალ ტარიფს იყენებენ როგორც ენერგოეფექტურობის სტიმულატორს და ახალი ტექნოლოგიების დაფინანსების წყაროს. ისინი მომხმარებელს მაღალი ფასით რესურსებს დაზოგვას აიძულებენ. სანაცვლოდ, მომხმარებელი იღებს სტაბილურ, 24-საათიან მომარაგებას და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. მეორე მხრივ, სუბსიდირებული ქვეყნები დაბალ ფასს იყენებენ პოლიტიკური ლოიალობის მოსაპოვებლად, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკას ანგრევს, რადგან ენერგოსექტორი დოტაციური და საინვესტიციოდ არამიმზიდველი ხდება.




























