მიმდინარე წლის აგვისტო უჩვეულოდ დატვირთული და გეოპოლიტიკურად საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა. ტრადიციულად, წლის ყველაზე მდორე თვე 2026 წელს სავაჭრო-სატარიფო ომის ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს უკავშირდება.
გარდა ამისა, 2026 წლის აგვისტო გამორჩეული იყო რეკორდული კვარტალური შედეგებით და FED-ის მხრიდან რიტორიკის დრამატული ცვლილებით, რაც წინ უფრო საინტერესო სექტემბერს გვიმზადებს.
გთავაზობთ აგვისტოს მთავარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების შეჯამებას:
აშშ-ის მთავრობა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკურ ომზე გადაერთო
აშშ-ის ხელისუფლებამ თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ფინანსური კამპანია, სახელწოდებით "ოპერაცია ეკონომიკური განდევნილი" წამოიწყო, რომელსაც ვაშინგტონში Economic D-Day-ს უწოდებენ. აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, სანქციები ირანისთვის შემოსავლის ყველა პოტენციური წყაროს დაბლოკვას ისახავს მიზნად. ახალი შეზღუდვები ნავთობის, ავიაციის, ციფრული აქტივების, ტექნოლოგიებისა და ოქროს სექტორებს მოიცავს. ბესენტის განმარტებით, სანქციები ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტებზეც გავრცელდება, თუ ისინი ირანული ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციაში ჩაერთვებიან. ახალი სანქციების მთავარი სამიზნე სწორედ ჩინეთია, რომელიც ირანული ნავთობის 90%-ის იმპორტს ახორციელებს. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის ოფიციალურმა სავაჭრო ბრუნვამ $9.96 მილიარდი შეადგინა, ხოლო აღურიცხავი ნავთობის ექსპორტმა $31.2 მილიარდს მიაღწია.
აშშ-სა და ვენესუელას შორის ისტორიული სანავთობო შეთანხმება შედგა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც ვაშინგტონს სამხრეთამერიკული ქვეყნის 65 მილიარდი ბარელის ოდენობის დადასტურებულ ნავთობის რეზერვებზე კონტროლის დაწესების უფლებას ანიჭებს. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული გარიგება აშშ-ის ნავთობის მარაგებს ორჯერ მეტად გაზრდის და ქვეყანაში საწვავის ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. როგორც ირკვევა, 25-წლიანი შეთანხმება 17 სტრატეგიული საბადოს ათვისებასა და დღიური მოპოვების 1.5 მილიონ ბარელამდე გაზრდას ითვალისწინებს, რამაც ვენესუელაში 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია უნდა მოიზიდოს და ადგილობრივ ბიუჯეტში 209 მილიარდი დოლარის საგადასახადო შემოსავალი შეიტანოს.
ვენესუელა OPEC-იდან გასვლას განიხილავს
აშშ-სთან შეთანხმების პარალელურად, ვენესუელა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC+) დატოვების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად 60-ზე მეტი წლის წინ გახდა. OPEC-იდან პოტენციური გასვლის მიზეზი კვოტებია. გაერთიანებაში არსებული კვოტების სისტემით უკმაყოფილება სხვა წევრებმაც გამოხატეს. აპრილის ბოლოს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კარტელი დატოვა. ივნისში მოპოვების ლიმიტებით უკმაყოფილება ერაყმაც გამოთქვა და განაცხადა, რომ კვოტების გაზრდის გარეშე ორგანიზაციიდან გასვლას განიხილავდა.
კანადასა და ამერიკას შორის სატარიფო ომი გამწვავდა
ვაშინგტონში გამართული სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლისა და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების შემდეგ, კანადამ ამერიკულ პროდუქციაზე 50%-მდე საპასუხო ტარიფები დააწესა. მხარეებს შორის უთანხმოება მოლაპარაკების პროცესში აშშ-ის მიერ დასახელებულმა პირობებმა გამოიწვია, განსაკუთრებით ავტომობილებზე დაწესებულმა ტარიფებმა.
ტექნოლოგიურმა გიგანტებმა რეკორდული შედეგები დააფიქსირეს
აგვისტოს თვე კვარტალური ანგარიშგებების კუთხით განსაკუთრებით დატვირთული, თუმცა გამორჩეული იყო: NVIDIA-მ, Amazon-მა, Microsoft-მა, Apple-მა და სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ინვესტორების მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბეს და რეკორდული შედეგები დააფიქსირეს. საერთო ჯამში, ტექნოლოგიური სექტორის შემოსავლები საშუალოდ 50%-ით გაიზარდა.
SpaceX-მა ახალი $100-მილიარდიანი კოსმოდრომის აშენება გადაწყვიტა
ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი აშშ-ის ლუიზიანას შტატში $100 მილიარდის ღირებულების უმსხვილესი სამუშაო კომპლექსის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რომელიც Starship-ის რაკეტების გაშვებასა და კოსმოსური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოემსახურება. დაახლოებით 50,585 ჰექტარზე გაშლილი Starbase Louisiana-ს მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. ობიექტის მთავარი დანიშნულება დედამიწის ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე ყოველწლიურად ათასობით მისიის განხორციელება იქნება.
FED-ის რიტორიკა გამკაცრდა
FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, თუმცა კევინ უორშმა მონეტარული პოლიტიკის შესაძლო გამკაცრებაზე მიანიშნა. ჯექსონ-ჰოლის ეკონომიკურ სიმპოზიუმზე ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ინფლაციის დაჩქარების შემთხვევაში, უწყება განაკვეთს აუცილებლად გაზრდის.




























