„ქართული რძის პროდუქტები“ გაფართოებას აგრძელებს. როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ლიპარტელიანმა უთხრა, საწარმო გასული წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა დროში ცოტა გადაიწია და 2023 წლის მარტის დასაწყისში გაიხსნება.
ლიპარტელიანის ინფორმაციით, საწარმოში 600 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, აქედან 200 000 კომპანიის ინვესტიციაა, ხოლო 400 000 დოლარი პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტისგან“ აღებული კრედიტია. საწარმო გაცილებით მძლავრი იქნება, ვიდრე არსებული და 18 საათში 90 ტონამდე რძის გადამუშავებას შეძლებს.
რაც შეეხება სხვა გეგმებს. როგორც ლიპარტელიანი გვიყვება, იგეგმება ყველისა და სულგუნის ასორტიმენტის გაფართოება და წარმადობის გაზრდა, თუმცა არა დიდი მასშტაბებით.
გარდა ამისა, წლის ბოლომდე სხვადასხვა ბრენდის ქვეშ გეგმავენ სხვადასხვა პროდუქტის წარმოებას, მათ შორის მაიონეზი და მდნარი ყველი, ასევე ე.წ. ტკბილი მიმართულება, რაც არის იოგურტი.
„საწარმოს გაფართოების თუ გადაიარაღების მთავარი მიზანი იყო ის, რომ გარდა იმისა, რომ არსებული პროდუქტის გაფართოება შევძლოთ, ვგეგმავთ ასორტიმენტი დავამატოთ. გვინდა საექსპორტო ყველის გაკეთება და ყველის ასორტიმენტის გაზრდა. აქ არ არის საუბარი იმერულ ყველზე, რადგან ასორტიმენტი დიდია, კონკურენციაც და ფალსიფიცირებაც. ვგეგმავთ უფრო სულგუნის დამატებას სხვადასხვა სახეობების. ჩვენი მიდგომა არის ზოგადად, რომ რაც შეიძლება ნაკლები სახეობა გვქონდეს და მეტად გაყიდვადი. თავდაპირველად ალბათ როგორც სულგუნს, ისე ტრადიციულ ყველს დაემატება 5-5 სახეობა. ეს ყველაფერი არის 2023-ის გეგმა“, - განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა.
გარდა ამისა, „ქართული რძის პროდუქტები“ ყველის გატანას გეგმავს ექსპორტზე.
„თუ გავითვალისწინებთ ქართული რძის ხარისხს, სერტიფიცირების პრობლემებს, ალბათ ევროპის ბაზარზე ვერ გავალთ. განვიხილავთ რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებს, ხშირად ყოფილა მოთხოვნა ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან და მათ განვიხილავთ. თუმცა წარმადობა არ გვქონდა, მაგრამ მოთხოვნა არის და ჩვენც ვცდით“, - ამბობს ლიპარტელიანი.
„ქართული რძის პროდუქტები“ გასული წელი 35 მლნ დოლარიანი წლიური ბრუნვით დაასრულა.


























