„ბოლო წლების განმავლობაში, ქართული რძის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, არ ჩამოუვარდება საერთაშორისო და ევროპული ქვეყნების სტანდარტებს როგორც გადამმუშავებლები, ასევე ორგანიზებული ფერმები", - განაცხადა კომპანიის „ქართული რძის პროდუქტები“ დირექტორმა გიორგი ლიპარტელიანმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე.
სეს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას.
სააგენტო წერს, რომ კომპანიას „ქართული რძის პროდუქტები“ დანერგილი აქვს როგორც ISO-ს, ასევე HACCP-ის სტანდარტი. მუშაობს შიდა კონტროლის მექანიზმები.
„შეიძლება ითქვას, რომ იდეალურად კონტროლდება ყველაფერი, როგორც ჩვენთან, ასევე დიდ გადამმუშავებლებთან. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის მხრიდან ორგანიზებული ფერმების და გადამმუშავებლების კონტროლს, იმდენად ინტენსიურია, რომ შეუძლებელია არ დაიცვა სტანდარტი. რამდენიმე ამბავი შეიძლება ერთმანეთთან დავაკავშიროთ და გასაგებია, ხალხის შეშფოთება, რაც ერთი მხრივ კარგია, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ყველა თავის პროდუქტს და თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს“, - აღნიშნა გიორგი ლიპარტელიანმა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ მიმდინარე 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,2% შეადგინა, მათ შორის კომპანია „ქართული რძის პროდუქტებში” 2024 წელს განხორციელდა 8 სახელმწიფო კონტროლი, დარღვევა არ გამოვლინდა.
„რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.
ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. სეს-ის ცნობით, ხაზის ყველა პროდუქტი დახლებიდან ამოიღეს.