განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები განმარტა. მისი თქმით, ამ საკითხმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და საჭიროა მისი განმარტება.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ცვლილებებით გათვალისწინებულია ისეთი დიპლომების მაგისტრთან გათანაბრება, რომლითაც ბაკალავრის ხარისხი განსაზღვრული არ არის და ამის მიზეზი იყო ბოლონიის პროცესზე გადასვლა.
ვის და რატომ ეხება დიპლომების აღიარება და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება - მინისტრის მოადგილის სრული განმარტება:
"ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, მოგეხსენებათ რომ 2005 წელს, საქართველო ბოლონიის პროცესს შეუერთდა, რომელიც გულისხმობდა უმაღლესი განათლების მოდელის საფეხურებად დაყოფას - ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის. შესაბამისად, იმ დროს არსებულ მოდელში, უნივერსიტეტებს განესაზღვრათ პერიოდი და დაახლოებით 2007-2008 წლებში უნდა უზრუნველეყოთ ამ ახალ მოდელზე ყველა ძველი საგანმანათლებლო პროგრამის მოდელის გადაწყობა. მარტივად რომ ვთქვათ 4+2 მოდელზე - იმ პერიოდისთვის რაც იყო ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. მაგრამ სამწუხაროდ, ბოლონიის პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე უნივერსიტეტების ნაწილმა 2010 წლამდე ყველა პროგრამის გადაწყობა ვერ მოასწრო. 2010 წელი სწორედ ამიტომ არის აღებული იმ ზღვრად, რომლის დროსაც სტატისტიკურად ყველა პროგრამა უკვე ახალ მოდელზე იყო გადაწყობილი.
ძველი მოდელის მიხედვით კი, არსებობდა ერთი და იგივე მოდელის 4-წლიანი და 5-წლიანი სწავლის პერიოდები. შეგახსენებთ, საუბარია ე.წ. დღის დასწრებულ და დაუსწრებელ მოდელებზე, რომელიც სწავლის ერთი და იგივე შედეგზე გადიოდა - ერთი ხარჯავდა 4 წელს ამაში, მეორე ხარჯავდა 5 წელს. სწორედ ასეთ დიპლომებზეა საუბარი და არა ბაკალავრიატის... თუ მაგალითად, 2007 წელს არსებულ დიპლომში მითითებულია ბაკალავრი ან მაგისტრი, ეს კანონი მას არ ეხება. შესაბამისად ბაკალავრს ჩვენ არც მაგისტრად და არც დოქტორად არ ვაქცევთ. აქ საუბარია ისეთ დიპლომებზე, სადაც სიტყვა "ბაკალავრი" განსაზღვრული არ არის, რადგან ამ მოდელზე გადასული არ იყო და ძველი მოდელით მოდიოდა.
ნახეთ, რა ის კაზუსი შეიქმნა: დღის დასწრებულზე, რომლებიც სწავლობდნენ ერთი და იგივე საგნებს, სწავლობდნენ 4 წლის განმავლობაში და 4 წლის თავზე იღებდნენ დიპლომს, რაც სხვათა შორის სამართლებრივად აძლევდა უფლებას, რომ ასპირანტურაში ჩაებარებინათ - ჩვენი გაგებით დოქტორანტურაში, ანუ რეალურად პირდაპირ არის მითითებული, რომ ასეთი ტიპის ბარიერი არ არსებობს და ის მაგისტრის ხარისხთან არის გათანაბრებული. 5-წლიანი კი, დაუსწრებელი სწავლების გამო, 5 წელიწადში ამთავრებდა. ამ ხალხზეა ლაპარაკი.
არსებული სასამართლო პრაქტიკა, ანუ მოდელი როგორი იყო? თქვენ იცით, რომ არსებობს სამსახურები, რომლებიც ითხოვენ მაგისტრის ხარისხის არსებობას, ანუ ბაკალავრი არ ყოფნის იმისათვის, რომ ეს დაიწყოს. შესაბამისად, დამსაქმებელი აგზავნის აღნიშნულ აპლიკანტს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში, რომ მოახდინოს აღიარება შესაბამისი დიპლომისა, ბოლონიის მოდელიდან გამომდინარე რომელ კატეგორიას შეესაბამება. შესაბამისად, იმის გამო რომ კანონში ნათელი ჩანაწერი არ არსებობდა, იყო უარი, იმისათვის რომ დასაბუთების შესაბამისი ნორმა არ ჰქონდათ ხარისხის განვითარების ცენტრს და ეს მიდიოდა დავაში შესაბამის სასამართლო ინსტანციაში.
სტატისტიკის მიხედვით, 1250 საქმეა აღძრული სამოქალაქო სასამართლო წარმოებით, რა თქმა უნდა, ან ადმინისტრაციული. შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს 1250 დავიდან 1130 დავა გვაქვს წაგებული. არც ერთი დავა არ გვაქვს მოგებული. 120 დარჩენილი საქმე წაგების პროცესშია. წინასწარ შემიძლია როგორც იურისტმა გავაკეთო პროგნოზირება რომ ყველა პროცესი იქნება წაგებული. რატომ? იმიტომ რომ სასამართლომ ჩამოაყალიბა, სამართლებრივ ენაზე რომ ვთქვათ, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც განიშნებს, რომ წლების განმავლობაში არასწორი პოზიციონირება ხდება. რასაც მეც, როგორც იურისტი გულწრფელად გეტყვით, ვეთანხმები. შესაბამისად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში სპეციალურად უთითებდა, რომ ამ დროისათვის ავალებდა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს რომ უღიარე და გაათანაბრე ეს სამაგისტრო პროგრამებთან. ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ საკანონმდებლო დონეზე დავარეგულიროთ ეს ხარვეზი, რათა თავიდან აირიდოს სახელმწიფო ბიუჯეტმა უზარმაზარი ხარჯი. თქვენ იცით რა ხარჯსაც ვგულისხმობ, როდესაც ბაჟს იხდის შესაბამისი მოსარჩელე, დამარცხებულ მხარეს ეკისრება ეს ბაჟი და ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაზღაურდება.
ამავე ცვლილების მიხედვით, ეს ეხება კიდევ ორ კომპონენტს. ერთი - როდესაც სტუდენტმა 2010 წლამდე დაიწყო ე.წ. ლიცენზიის არმქონე უნივერსიტეტში სწავლა. ლიცენზიის არქონის დროს იწყებდა სწავლებას, მაგრამ ამთავრებდა ლიცენზიის ქუდქვეშ, ანუ უკვე ლიცენზირებულ უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დიპლომს ვაღიარებთ. და მეორე - იმის გამო, რომ არ არსებობდა განათლების ერთიანი პლატფორმები, ანუ სტუდენტებს ფიზიკურად არ ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ სისტემატურად ამ მოდელს, შესაბამისად იყო საშუალება, რომ დაიწყებდა ე.წ. არალიცენზირებულ უნივერსიტეტში და დაასრულებდა ლიცენზირებულ უნივერსიტეტში. ამასაც ვაღიარებთ. ასევე, ხაზგასმით ვამბობთ, ეს არ ეხება არალიცენზირებულ უნივერსიტეტში რომ დაიწყო და არალიცენზირებულ უნივერსიტეტში დაამთავრა. შესაბამისად, ჩვენ არალიცენზირებული დიპლომების აღიარებას არ ვაპირებთ. სხვათა შორის სასამართლო პრაქტიკა პირდაპირ ამაზეც უთითებს, რომ ეს არის სტუდენტების კანონიერი ინტერესების დაცვა. მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ყოველ სემესტრში ემოწმებინათ უნივერსიტეტი იყო თუ არა ლიცენზირებული. შესაბამისად, თუ უნივერსიტეტმა კეთილსინდისიერებიდან თუ არაკეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, მოახდინა გარკვეული ტიპის კორექტირება ან არ უთხრა და საქმის კურსში არ ჩააყენა ეს სტუდენტი, ეს მისი ბრალი არ არის".
მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია რამდენიმე ათას ადამიანზე, რომელსაც გამუდმებული პრობლემები ჰქონდა სამსახურთან დაკავშირებით იმის გამო, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ხარვეზიანი იყო. ჯამში კი, დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებული ცვლილებები 15 000-დან 20 000-მდე ადამიანს შეეხება.
ცნობისთვის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.




























