2023 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო სისტემის ზღვარი ორმაგდება და 30,000 ლარამდე მოცულობით ყველა დეპოზიტი ავტომატურად დაზღვეული იქნება.
დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა ლევან თოდუამ ისაუბრა.
“იმის გათვალისწინებით, რომ გაორმაგდა სადაზღვევო ზღვარი, ასევე ის, რომ დეპოზიტები საკმაოდ იზრდება და 51 მილიარდია უკვე და ზრდის კარგი ტემპებია ფიზიკური პირების დეპოზიტები. ვფიქრობთ, რომ 35-40% იქნება იქით წელს დაზღვეული დეპოზიტების ზრდა. ამჟამად ბანკების ყოველთვიური შენატანებია 3.6 მილიონი ლარი და ვფიქრობთ, რომ ის 5 მილიონ ლარს მიუახლოვდება,”- განაცხადა ლევან თოდუამ.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ბანკებისგან მიღებულ შენატანებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში აბანდებს. არსებული მდგომარეობით, ფონდის ზომა 187 მილიონ ლარს შეადგენს.
დაზღვევა ეხება ანგარიშს, შესაბამისად, თუკი კონკრეტულ პირს დეპოზიტზე განთავსებული აქვს 1,000,000 ლარი ამ თანხიდან სახელმწიფო აზღვევს 15,000 ლარს. ანალოგიურად პირს შესაძლოა ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის ანგარიშები და თითოეულ ამ ანგარიშზე 15,000 ლარის ლიმიტით თანხა სააგენტოს მიერ არის დაზღვეული. აღნიშნული ლიმიტი იანვრიდან 30,000 ლარამდე იზრდება.