1-ელი ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით პოლიტიკურმა პარტიებმა 7.3 მლნ ლარის შეწირულობა მიიღეს, რომლის 84% მმართველ პარტიაზე მოდის - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
ორგანიზაცია წერს, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება, რაც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს
„2024 წლის 1-ელი ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა.
ამასთან, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, მსგავსი ინიციატივების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს და შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის”, - წერია ანგარიშში.