მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით გასული წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა და ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევა.
კანონის მიხედვით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები დაემატა, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ.
კანონის მიხედვით, ორი უნივერსალური სახის ნებართვა იქნება საჭირო – ეს არის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს საშუალება მიეცემა განახორციელოს როგორც საერთაშორისო რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.
კანონის მიხედვით, საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ ავტოსადგურებს შორის უნდა განხორციელდეს.
- პირველი კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
- მე-2 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. მე-2კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დასახლებაში, პირველი კლასის ავტოსადგური არ ფუნქციონირებს.
- მე-3 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. მე-3 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დასახლებაში პირველი კლასის ავტოსადგური ან/და მე-2 კლასის ავტოსადგური არ ფუნქციონირებს;არსებული სხვა, პირველი კლასის ავტოსადგურისა და მე-2 კლასის ავტოსადგურის სიმძლავრე სათანადო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, რაზედაც მე-3 კლასის ავტოსადგურს აქვს სააგენტოს შესაბამისი დასტური.
სამივე კლასის ავტოსადგური შეიძლება მოემსახუროს ტრანზიტულ რეისს.
ავტოსადგურის ადმინისტრაციის მიერ გადამზიდველისთვის დაწესებული მომსახურების საფასური არ უნდა აღემატებოდეს ბილეთის რეალიზაციის 20%-ს.
რაც შეეხება აღსრულებას, საერთაშორისო და შიდა ავტოსატრანსპორტო გადაყვანისას/გადაზიდვისას მაკონტროლებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფია.
გარდა საერთაშორისო გადაზიდვებისა, როცა საბაჟო კონტროლის ზონებში აკონტროლებს შემოსავლების სამსახური.
ასევე, სააგენტოს უფლება აქვს, განახორციელოს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურების საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. მიზანი, კანონის დარღვევის ფაქტების გამოვლენაა.
მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება:
გადამზიდველები, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები და მძღოლები ვალდებული არიან საავტომობილო გზებზე მგზავრთაგადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის დროს უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.