განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძეს თქმით, კერძო სექტორს დღემდე არ აქვს ინფორმაცია, დაიწყება თუ არა 1 ივლისიდან ენერგეტიკულ ბირჟაზე სრულყოფილი ვაჭრობა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, ამ საკითხზე კერძო სექტორთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ყოფილა.
მაია მელიქიძემ აღნიშნა, რომ ბირჟის ნაწილობრივ გახსნიდან ერთი წლის თავზეც, გამოკვეთილია კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც კერძო სექტორს აფერხებს. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა ბირჟის უბალანსობაზე პასუხისმგებლობის ნაწილია, რადგან იმ შემთხვევაში თუ პასუხისმგებლობა კერძო სექტორს დაეკისრება, ეს კომპანიებს ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
"ერთი, ყველაზე კრიტიკული, უბალანსობის ნაწილია, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი. საუბარია სერიოზულ ხარჯებზე. ეს ხარჯები თუ კერძო სექტორის მხრიდან იქნება ასანაზღაურებელი და ზოგადი მოდელები თუ ამას ითვალისწინებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მათ ხარჯები სერიოზულად გაეზრდებათ და მიზნები, რომ მოახდინონ თანხის დივერსიფიკაცია და გენერაციის მხრივ განვითარება, უფრო მეტ თანხას წაიღებს. კერძო სექტორს აქვს ძალიან სერიოზული კითხვები ამასთან დაკავშირებით.
ამასთანავე, გამოწვევაა პროგნოზირების ნაწილშიც. მონაცემები მეტეოროლოგიური ცენტრებიდან მოდის, თუ მათგან ინფორმაციის მიღება სრულყოფილად არ მოხდა, უკვე 20-25%-იანი ცდომილებაა, ეს ბევრ პრობლემას ქმნის. დღესაც კი უჭირთ პროგნოზირება, როცა ბაზარი სრულად არ არის გახსნილი. ამიტომ, ამ ვითარების გათვალისწინებით, ბუნებრივია, მთავრობის გადასაწყვეტია [რა მოდელით გააგრძელებს ბირჟა მუშაობას], 1 ივლისი ახლოვდება და რჩება უამრავი გამოწვევა, რომელსაც კერძო სექტორი თვლის, რომ სერიოზული პრობლემა იქნება", - განაცხადა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, ივნისში საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა გააქტიურებულია. 19 ივნისისთვის ჯამში 30,599.3 მეგავატი სთ ელექტროენერგია გაიყიდა. ბირჟაზე ელექტროენერგიის ფასმა კვტ.სთ-ზე 12.6 თეთრი შეადგინა.
ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. 1 ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს თუმცა რა მოდელით გააგრძელებს ენერგეტიკული ბირჟა მუშაობას ან ხომ არ გადავადდება მისი სრულყოფილი გახსნა, ამაზე ზუსტი პასუხი დღეს არ არსებობს.