გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 2026 წლის პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი ცვლილების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის სასმელების პლასტიკის ბოთლებით, ასევე საკვების პლასტიკის ჭურჭლით და კონტეინერებით მიწოდებას კრძალავს.
უწყება კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 2026 წლის პირველი აპრილიდან უკვე აიკრძალა საქართველოში ერთჯერადი პლასტიკის ჭურჭლის, ჭიქების, თეფშების, დანების, კოვზების, საწრუპების იმპორტი და რეალიზაცია, რასაც პირველი ივლისიდან პლასტიკის ბოთლებით საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სასმელების რეალიზაციაც დაემატება. შესაბამისად, პირველი ივლისიდან კომპანიებს მომხმარებელთა მომსახურება ალუმინის ქილის ან შუშის ბოთლების გამოყენებით მოუწევთ. ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ პლასტიკის ბოთლების სრული აკრძალვა გადავადდა და ის 2031 წლიდან ამოქმედდება:
"პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით, სამინისტრო განმარტავს:
2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აკრძალულია:
პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.
ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება:
საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
2031 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება:
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე,"- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებითი დარღვევა - 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმასა და პროდუქციის კონფისკაციას.




























