„დღეის მდგომარეობით, 1 კგ გაუტეხავი ხარისხიანი თხილის ღირებულება საშუალოდ, 6-დან 7.5 ლარამდე მერყეობს, რაც გასული წლის საბაზრო ფასზე დაახლოებით, 50 თეთრით მეტია“, - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ მიაწოდა.
მისივე თქმით, ხარისხობრივად წლევანდელი თხილის მოსავალი შარშანდელზე გაცილებით უკეთესია.
„თხილის ფასი დამოკიდებულია ხარისხზე. ჩვენ ახლა ხარისხიანი თხილის ფასზე ვსაუბრობთ. უხარისხო თხილის შემთხვევაში, 1 კგ თხილის ფასი 3 ლარიც შეიძლება იყოს. ფერმერებმა, რომლებმაც იზარმაცეს და ბაღები არ შეწამლეს, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, დღეს ძალიან ნანობენ. მათი მოსავალი უხარისხოა და გაყიდვაც უჭირთ, თუმცა, ზოგადად, მოსავალი კარგია და მეტია ვიდრე შარშან”, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში წელს 55 ათასი ტონა თხილის მოსავლის მიღებას ვარაუდობენ, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 10%-ით მეტი იქნება.
ცნობისთვის: 2020 წელს საქართველომ 94 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განახორციელა, ზრდა 41%-მდეა.