მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 კვირაში, შესაძლოა, კვერცხი 10-15%-ით გაძვირდეს - მწარმოებლები

615c5587dffeb
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.21 09:00
3344
კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები უახლოეს პერიოდში პროდუქტის  10-15%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ.

მწარმოებელი კომპანია „კოდას“ გენერალური დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი აცხადებს, რომ პროდუქტის ფასის შემადგენელი პროდუქტები იმდენად გაძვირებულია, რომ კვერცხის გაძვირება გარდაუვალი იქნება.

„წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი ძვირდება. ელექტროენერგიის შემთხვევაში სუბსიდიით ვსარგებლობთ, მაგრამ 2022 წლის პირველი იანვრიდან სუბსიდია დასრულდება და საბოლოო პროდუქტის ფასი მოიმატებს.

ზოგადად, სიმინდის და ხორბლის ფასი მოსავლის აღების შემთხვევაში მცირდება, თუმცა გასულ და მიმდინარე წლებში ეს არ მომხდარა. სხვა გამოსავალი არ გვრჩება და იძულებული ვართ, ფასი გავზარდოთ. ამ ეტაპზე ვვარაუდობთ, რომ 10-12%-ით გავაძვირებთ. იმედი გვქონდა, მარცვლეულ კომპონენტზე ფასი შემცირდებოდა და არ ვაძვირებდით, თუმცა მოსავალი თითქმის სრულად აღებულია და მარცვლეული მაინც ძვირდება.

კარგად გვესმის, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება, ამას ძალიან კარგად ვგრძნობთ, მაგრამ ორი ალტერნატივა გვაქვს - ან უნდა გავაძვიროთ და ავყვეთ ბაზარს, ან არადა ჩვენს ფუნქციონირებას შეიძლება საფრთხე შეექმნას“, - ამბობს „კოდას“ გენერალური დირექტორი.

„მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი კი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელი გაძვირების შემდეგ კვერცხზე ფასი, შესაძლოა, იანვრის შემდეგაც გაიზარდოს.

„რა თქმა უნდა, დარგში კრიზისია, რადგან მარცვლეულის ახალი მოსავლისას მასზე ფასის შემცირებას ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, პირიქით, ხორბალი არა თუ გაიაფდა, არამედ გაძვირდა. ზეთოვანი კულტურების მხრიდანაც გაიაფების ნიშნები არ ჩანს და სიმინდის ფასიც გაიზარდა. ეს ის კომპონენტებია, რომელიც ფრინველის გამოკვებისთვის გვჭირდება.

კვერცხის ფასში საკვები თვითღირებულების 70%-ის წარმომქმნელია, რასაც საწვავზე რეკორდული ფასი და ენერგომატარებლების გაძვირება ემატება. ფაქტობრივად, ყველაფერი გაძვირებულია, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მომწოდებელ ქვეყნებში. რეალურად, ყველაფერი გაძვირებულია, რაც საბოლოო ფასს აყალიბებს და შესაბამისად, კვერცხის ფასის არათუ შემცირებაზე, არამედ შენარჩუნებაზე მუშაობა გვიწევს“, - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

მისი ინფორმაციით, კვერცხის გაძვირება მწარმოებლებს წელს ორჯერ მოუწიათ და მოსალოდნელია, რომ ის კიდევ უფრო გაძვირდეს.

„სამწუხაროდ, ისეთი მოცემულობაა კიდევ მოგვიწევს ფასის მომატება, რადგან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი შემოიღო, რომელიც არნახულია. ქვეყანა სრულად რუსეთზეა დამოკიდებული, სადაც გადასახადი 1 ტონა ხორბალზე 60 დოლარამდეა. სხვა გამოსავალს კი ვერ ვნახულობთ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩავანაცვლოთ.

კვერცხი, შეიძლება, კონკრეტულად 10%-ით გაძვირდეს, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, კვერცხის ფასი, დაახლოებით, 15%-მდე გაიზრდება, თუ არაფერი სასიკეთო არ მოხდა. ხორბალი 1.2 ლარი ღირს, როდესაც ჩვენ წელი 0.9 ლარზე გვქონდა დაგეგმილი. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაა, ერთი კვირა კიდევ შევხედავთ და თუ ხორბალი კიდევ გაძვირდა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ყველაზე ძალიან ფასის ზრდა მწარმოებელს არ სიამოვნებს, რადგან ამ დროს რეალიზება იკლებს და იზრდება თვითღირებულება, რომელიც აგებულია იმ კომპონენტებზე რომლის ფასი ბოლო 1.5 წელია რეკორდებს ხსნის“, - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

კითხვაზე - სად არის გამოსავალი, რათა პროდუქტი კიდევ უფრო არ გაძვირდეს, „მეფრინველეობის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ გამოსავალი ერთ ყუთში არ დევს და ის კომპლექსურია.

„დრო მოვიდა დავანებოთ ანანასების და ზეთისხილების წარმოებაზე ტაშისკვრას თავი და ელემენტარული ხორბლის, პურის, სიმინდის წარმოებაზე დავფიქრდეთ. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და განვითარება მნიშვნელოვანია, ყველა იარაღის და იურიდიული ბერკეტის გამოყენებაა საჭირო, რომ ჩვენი ენერგია და დრო ისეთ რაღაცაზე არ დავხარჯოთ, რაც არაკეთილსინდისიერ შემომტანებთან ბრძოლაა“, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები