ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, Covid-კლინიკების ანაზღაურების სისტემა 1 მარტიდან შეიცვალა და მათი დაფინანსება ახლა ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით ხდება.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტა, კლინიკები თანხას მობილიზებული საწოლების მიხედვით აღარ იღებენ.
„Covid-კლინიკები ასეთი სახელწოდებით, როგორც აქამდე გვქონდა - საწოლი იყო დაკავებული თუ არა - ასე აღარ არის. გაკეთებული პროგნოზის მიხედვით პირველი მარტიდან ამის ეტაპობრივი ჩახსნა გავაკეთეთ და დღეისთვის, კლინიკები, რომლებმაც მოგვმართეს, ფაქტობრივი ანაზღაურებით არიან დარჩენილები. კლინიკას თანხას ნამკურნალები პაციენტის მიხედვით ვუხდით და არა დაუკავებელ (მობილიზებულ) საწოლებში“, - განაცხადა მინისტრმა.




























