მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"1 მლნ SMS რეკლამის ფასი ₾2000-3500 იყო" - რა გავლენა ექნება უნებართვო რეკლამების შეზღუდვას ბიზნესზე?

სმს

„კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა უნდა შეცვლილიყო, რადგან არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის, როცა საჯარო სივრციდან აღებული ნომრების თუ ელექტრონული ფოსტის დამუშავება ხდება პირადი მარკეტინგული მიზნით“- ასე ეხმაურება კომპანია Wifisher- ის დამფუძნებელი ნოდარ ივანიძე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ამოქმედებას.

საქართველოში SMS მარკეტინგული ბაზარი ახალი რეგულაციის ქვეშ 1 მარტიდან მოექცევა. სარეკლამო შეტყობინების გაგზავნისთვის კომპანიებს მომხმარებლების მიერ გაცხადებული თანხმობა დასჭირდებათ. ცვლილებები ეხება ყველას, ვისაც მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემთა ბაზა გააჩნია.

ნოდარ ივანიძის განცხადებით, SMS მარკეტინგი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ხელმისაწვდომ არხად ითვლება ბიზნესისთვის. მისი თქმით, ამ მიმართულებით ბაზარზე 20-მდე კომპანია საქმიანობს, რომლებიც მათ შორის საჯარო სივრცეში მოპოვებულ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. მათ ამ გზით ბაზების შექმნას, მოქმედი კანონი არ უკრძალავთ. ახალი რეგულაციების პირობებში კი ბუნებრივია მათ შემოსავლები შეუმცირდებათ.

„კომპანიების პასუხისმგებლობაა, რომ წინასწარ გასცნობოდნენ კანონს და მომზადებულიყვნენ. ძალიან ბევრ კომპანიას შეუმცირდება, რა თქმა უნდა, შემოსავალი და გაყიდვები, ვინც ამაზე იყო დამოკიდებული და ასეთ ბაზებს ამუშავებდა.

ყველაზე დიდი დარტყმა ექნებათ კომპანიებს, რომლებიც ეწეოდნენ SMS მარკეტინგულ მომსახურებას საჯარო სივრცეში მოპოვებულ ბაზებზე.

1 მლნ sms-ის გაგზავნა 2000-3000 ლარამდე მერყეობდა. ახლა კანონს ეცნობა კომპანიების უმრავლესობა, ცოტა პანიკაც არის. ერთი რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ სარეკლამო SMS-ები ამ კანონით არ იკრძალება, უბრალოდ რაც ლაგდება და რაც არის ძალიან კარგი, ყველა მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, მისი საკონტაქტო ინფორმაცია რატომ მუშავდება და როგორ მუშავდება.

myauto-ზე თუ მიდევს მანქანა გასაყიდად, ჩემი ნომერი არ უნდა მოხვდეს ყველას ხელში და არ უნდა დაიწყონ ჩემზე პირდაპირი მარკეტინგული წარმოება, თუ არ მაქვს თანხმობა გაცხადებული. მარტში ვიხილავთ ამ კომპანიების შემოსავლების შემცირებას. დაახლოებით 3-5 თვიანი პერიოდი იქნება საჭირო, რომ ეს სფერო დასტაბილურდეს“,-აცხადებს ნოდარ ივანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები