2024 წლის 8 დეკემბერს ახალი სირია დაიბადა. ქვეყანა, რომელმაც თავიდან საბოლოოდ მოიშორა ტირანთა დინასტია და წარსულ ჩააბარა საერთაშორისო იზოლაცია. თუმცა ის კვალი, რომელიც ქვეყანას 50-წლიანმა დიქტატურამ და უმძიმესმა სამოქალაქო ომმა დაატყო, ჯერ ვერ წაიშალა. აჰმედ ალ შარაა, ყოფილი ტერორისტი, რომლის ლიკვიდაციაც თავის დროზე ამერიკას სურდა, ახლა სურათებს ტრამპთან იღებს და იმ ურთულესი მისიის შესრულებას ცდილობს, რასაც ქვეყნისადმი ნდობის დაბრუნება ჰქვია.
დემოკრატიული თვალსაზრისით, სირიამ მართლაც გაარღვია საერთაშორისო იზოლაცია. 60-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის ლიდერი გაეროს წინაშე წარდგა. ამასთან, ვიდრე თეთრ სახლს ეწვეოდა და ისტორიას დაწერდა, კრემლში პუტინსაც შეხვდა. სწორედ რუსებისგან იმედაცრუებულმა ალ შარაამ გააფორმა შეთანხმება ტრამპთან და დამასკოში ამერიკული ბაზა დააბრუნა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა ურთიერთობები სირიასა და უკრაინას შორის, ისრაელთან რთულად დაწყებული ურთიერთობა კი ნელ-ნელა დიპლომატიური გზით ლაგდება. რაც მთავარია, ახალ სირიას ახალი საერთაშორისო მცველები - თურქეთი, საუდის არაბეთი და კატარი გამოუჩნდნენ. ქვეყნები, რომლებმაც რუსეთი და ირანი ჩაანაცვლეს და ქვეყანას ეკონომიკური შვებაც მოუტანეს. სირიას თითქმის ყველა ევროპული თუ ამერიკული სანქცია მოეხსნა.
სწორედ ამ სანქციების მოხსნისა და საერთაშორისო იზოლაციის დასრულების ფონზე, უცხოეთში გახიზნული და ქვეყნის შიგნით დევნილი 2-ნახევარი მილიონი სირიელი საკუთარ სახლში დაბრუნდა. გაეროს მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, საუბარი 1,260,000 ადამიანზე, რომლებმაც ბოლო 12 თვეში დატოვეს უცხოური ქვეყნები და სამშობლოს მიაშურეს. დაბრუნებულ მოსახლეობას საუკეთესო ვითარება ნამდვილად არ დახვედრია. ცხადია, ქვეყნის ქუჩები უფრო უსაფრთხო გახდა, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება წლების შემდეგ კვლავ 24-საათიან რეჟიმს დაუბრუნდა, თუმცა მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები ფასების კუთხით არ გვინახავს. სამწუხაროდ, მწირია სანდო ინსტიტუტების მონაცემებიც. მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 1% იქნება, რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონს, მათი წარმომადგენლები წლების შემდეგ პირველად, სულ ახლახან, ნოემბერში ესტუმრნენ ქვეყანას. შესაბამისად, მათი მონაცემები მხოლოდ მომავალ წელს გახდება ცნობილი. ეკონომიკის კუთხით ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ ქვეყანამ 600,000 ბარელი ნავთობის ექსპორტზე გატანა და, ზოგადად, ამ მიმართულებით ხელახლა ამოძრავება შეძლო. პარალელურად, სირია SWIFT-ის სისტემას დაუბრუნდა.
აი, რა კუთხითაც ინფორმაცია უხვად გვაქვს, ეს ის საინვესტიციო გეგმები და დაანონსებული პროექტებია, რაც მომავალ თვეებსა თუ წლებში ყველაზე დიდ შედეგს მოიტანს. უპირველესად უნდა ვახსენოთ ორი სახელმწიფო, კატარი და საუდის არაბეთი, რომელთა ინტერესშიც თავის დროზე ასადის გაშვება ყველაზე მეტად შედიოდა. კატარი სირიის ენერგეტიკული სფეროს აღდგენისთვის 7 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ეს თანხა ბუნებრივ აირზე მომუშავე 4 ელექტროსადგურის აგებას, ასევე 1000-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის აგებას მოხმარდება. პარალელურად, კატარული UCC $4 მილიარდს გამოყოფს დამასკოს ახალი აეროპორტისთვის. რაც შეეხება საუდის არაბეთს, 6.4 მილიარდი დოლარი უძრავ ქონებაში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, ტელეკომუნიკაციებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში დაიხარჯება. საუბარი 47 პროექტზე, რომელთაგან ყველაზე მთავარი $2 მილიარდად დედაქალაქის მეტროს სისტემის შექმნა იქნება. არაბთა გაერთიანებული საამიროები კი $800 მილიონს ჩადებს. რაც შეეხება დასავლურ მსოფლიოს, ევროკავშირის ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო ჯგუფი $6.5-მილიარდიან მრავალწლიან სარეკონსტრუქციო პროექტებს განახორციელებს. ცალკეულად გაერო, 3 წლის შუალედში $1.3 მილიარდს გამოყოფს, რათა ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები გადაიჭრას. საფრანგეთი კი $260 მილიონად ლატაკიის პორტს განავითარებს. ცხადია, სწორედ ამ ინვესტიციებმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს. ქვეყანამ, რომლის მოსახლეობის 90% კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს, 25%-ს კი უკიდურეს გაჭირვებასთან უწევს გამკლავება.




























